Accentnews.ge
მერაბიშვილის გამოკითხვა დასრულდა: "ეს იყო დაკითხვა დაკითხვისთვის"

მერაბიშვილის გამოკითხვა დასრულდა: "ეს იყო დაკითხვა დაკითხვისთვის"

14/05/2019 12:55:19 სხვა, სამართალი

ე.წ.საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე "მატროსოვის" ციხეში ყოფილ პრემიერ–მინისტრ ვანო მერაბიშვილის დაკითხვა დასრულდა. როგორც დაკითხვის შემდეგ ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, მერაბიშვილის გამოკითხვა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. კერძოდ, მისი თქმით, გამომძიებლებს არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ იმჟამინდელი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გარშემო.

„ჩვენი ვარაუდები გამართლდა: ეს იყო დაკითხვა დაკითხვისთვის, რომელიც საერთოდ არანაირ შინაარსს არ ატარებდა. ამ პერიოდში, რაც შიგნით ვიმყოფებოდი, არცერთი კითხვა არ დასმულა მაშინდელ მთავარ პროკურორზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელ ხელმძღვანელზე, მინისტრზე, პრაქტიკულად, ახალი არაფერი უკითხავთ და შესაბამისად, არც არაფერი ახალი უთქვამს მერაბიშვილს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, პასუხები წინა დაკითხვისას გვაქვს გაცემული. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, ეს იყო მოჩვენებითი დაკითხვა. ისინი მოჩვენებით გამოძიებას ატარებენ, თითქოს, რაღაც შეასრულეს გაცემული რეკომენდაციების შემდეგ, ვინაიდან ივნისის დასაწყისში მინისტრთა კომიტეტია ჩანიშნული. ეს გამოკითხვაც მხოლოდ ამას ემსახურებოდა", - აცხადებს გიორგი ჩივიაშვილი.

მისივე განმარტებით, გამომძიებლებმა მერაბიშვილს კითხვა იმ ორი პირის შესახებაც დაუსვეს, რომლებმაც ის საკნიდან გაიყვანეს და მანქანაში ჩასვეს.

"საუბარი იყო მხოლოდ იმ ორ ადამიანზე, რომლებმაც მერაბიშვილი მანქანში ჩასვეს და წაიყვანეს, შეძლებდა თუ არა, მათ ამოცნობას და რა თქმა უნდა, შეძლებს და ეს ნათქვამი აქვს მაშინაც. ვიზუალურ აღწერილობაში კონკრეტიკა მოითხოვეს - დაახლოებით, რა სიმაღლის იყვნენ და ამაზე უპასუხა. რა დოზითაც დღეს იქნა კითხვები დასმული, პასუხი გასცა. მათი გარეგნული მახასიათებლები დღესაც აღუწერა, თუ როგორ გამოიყურებოდა. რა ფერის თმა ჰქონდათ, არც მაშინ გვითქვამს და ვერც დღეს იტყოდა. ცალსახად დაუდასტურდა, რომ მათი ამოცნობა შეუძლია. ასევე, დახასიათების ნაწილზე ჰკითხეს, რატომ არ დაახასიათეო. ვანომ უთხრა, დაესვათ მაშინ კითხვა, რომ ეს უნდა დაახასიათო და დავახასიათებდიო. დღეს მკითხეთ და დაგიხასიათეთო".

საქმის გამომძიებლის თამუნა ვახანიას განცხადებით, ვანო მერაბიშვილმა მისი საკნიდან გაყვანის შესაძლო ფაქტში მონაწილე პირების ზოგადად აღწერა:

"გამოძიება მაინც აუცილებლად შეაფასებს მის მიერ მოწოდებულ ზოგადი ხასიათის ინფორმაციას. აუცილებლად შეფასდება ყველა აღნიშნული გარემოება. ამის გათვალისწინებით, შემდეგში დაიგეგმება და ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება".

ცნობისთვის: როგორც ვანო მერაბიშვილი ირწმუნება, ის საკნიდან 2013 წელს, დეკემბერში მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დავალებით გაიყვანეს. ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმითვე, ასევე მთავარი პროკურორი და ჯერჯერობით ამოუცნობი პირი აძალებდა მას ზურაბ ჟვანიას საქმეზე თანამშრომლობასა და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშებზე ინფორმაციის გაცემას.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ვანო მერაბიშვილს პირების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლებმა ახსნა-განმარტება 2014 წლის 3 იანვარს ჩამოართვეს, 2016 წლის 24 ივნისს კი მოწმის სახით გამოიკითხა, თუმცა, ორივე შემთხვევაში აცხადებდა, რომ არ შეუძლია დაასახელოს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაყვანაში მონაწილე პირების ვიზუალური მახასიათებლები და ნიშან-თვისებები.

2014 წლის იანვარში სასჯელაღსრულების სამინისტრომ გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადებაში და ახსნა-განმარტებაში მოყვანილი ფაქტი არ დადასტურდა.

საქმეზე გამოძიება მას შემდეგ განახლდა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებულ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, 2018 წელს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობას ხელახალი გამოძიებისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S