„ღარიბაშვილი ტყუის!" – უგულავა ივანიშვილთან კომუნიკაციის დეტალებს იხსენებს
12/03/2021 12:40:29 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრის განცხადებას, რომ მას ხელისუფლებაში მოსვლამდეც ჰქონდა ურთიერთობა წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებთან, მათ შორის – მინისტრებთან, დედაქალაქის მერთან და ამიტომ ახსენებს სკანდალურ ჩანაწერში ბერა ივანიშვილი მინისტრებს, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ტყუილს უწოდებს.
უგულავა ამბობს, რომ 2008 წლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან და ფონდ „ქართუსთან“ ურთიერთობა სრულად იყო გაწყვეტილი.
„სასოწარკვეთილი ტყუილი მოვისმინე: არანაირი შეხება მე, როგორც თბილისის მერს არ მქონია ღარიბაშვილთან 2010–2011–2012 წლებში, ვიდრე ის [ღარიბაშვილი – რედ.] შს მინისტრი არ გახდა, როდესაც „ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. მეტიც, ღარიბაშვლთან და „ქართუ ფონდთან“ ჩვენს მთავრობას მთლიანად გაწყვეტილი ჰქონდა ურთიერთობა 2008 წლის შედეგ. 2008 წლის ომის დროს იყო კომუნიკაცია, როდესაც ანზორ ჩუბინიძე ითხოვდა ურეკიდან თურქეთზე თავისუფალ სწრაფ გასასვლელს, რომ მზადყოფნა ჰქონოდა გაქცევისთვის. მანამდე ივანიშვილი მიშაზე უფრო მიშისტიც იყო. 2008 წლის თებერვალ–მარტის შემდეგ, როდესაც გარდაიცვალა ბადრი პატარკაციშვილი, რომელანაც ივანიშვილს ძალიან მძიმე ურთიერთობა ჰქონდა და პირდაპირ ვთქვათ, ეშინოდა, მასთან ურთიერთობა არ გვქონია.
2009 წელს, როდესაც საკნები და გამოსვლები იყო [რუსთაველის გამზირზე – რედ.], იმ მომენტში ივანიშვილი გამოვიდა კონტაქტზე, ოღონდ გამოვიდა „ქართუს“ იმჟამინდელი პრეზიდენტს გიგა ჩრდილელის საშუალებით და შემდეგ ის იყო ერთდაერთი ადამიანი, რომელიც ურთიერთობდა ჩემთან, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლეთან. სხვა არანაირი კავშირი არ ყოფილა. ბოლო ურთიერთობა, რაც მე ჩრდილელთან მქონდა, ეს იყო ბათუმის უნივერსიტეტის მშენებლობის საკითხი, რომელზეც მაშინ ივანიშვილთან ვერ შევთანხმდით და რამდენიმე თვეში უკვე ივანიშვილი ღია პოლიტიკაში გამოვდა და შემდეგ ყველანაირი კომუნიკაცია გაქრა“,– განმარტა უგულავამ.
ამასთან, უგულავა ამბობს, რომ მიუხედავად იშვიათი კომუნიკაციისა, მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილთან ფრთხილ დამოკიდებულებას ინარჩუნებდა, მით უფრო, რომ არავნ ესხმოდა ივანიშვილის ვაჟს – ბერას:
„მიშა სააკაშვლი ყოველთვის სიფრთხილით ეკიდებოდა ივანიშვილის საკითხს. არასდროს უნდოდა მისი მტრად მოკიდება. ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა თითოეულ ჩვენგანსაც. რაციონალურობის ფარგლებში, არავის სჭირდება 5–მილიარდიან ადამიანთან დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ კონუნიკაცია წინა პერიოდთან შედარებით გაციებული იყო, გვქონდა არც მტრის და არც მოყვრის დამოკიდებულება. რაც იმას ნიშნავს, რომ მაშინდელ ხელისუფლებას ივანიშვილთან კონფრონტაციაში შესვლის სურვილი არ გვქონია. მეტიც, ეს გამორიცხულიც იყო“.
უგულავა ივანიშვილთან კომუნიკაციიდან ერთ დეტალს იხსენებს, რომელიც მილიარდერის პოლიტიკაში მოსვლამდელ პერიოდს შეეხება:
„ჯერ ივანიშვილი პოლიტიკაში მოსული არ იყო, რომ უცებ მისი განცხადება გაჩნდა, რომელშიც ხელისუფლებას აკრიტიკებდა. მაშინ უმრავლესობაში ამის გამო დაბნეულობა იყო. პირადად მომიწია ჩვენს დეპუტატებთან საუბარი, რომ პასუხი არ გაეცათ, რადგან მაშინ მან ასეთი რამ შემოთვალა (ჩრდილელის პირით), „თქვენ ახლა იმიტომ გირტყამთ, რუსებმა არ იფიქრონ, რომ თქვენი მეგობარი ვარ. სინამდვილეში თქვენთან პრეტენზია არ მაქვს, რუსების გამო ვაკეთებ ამასო“. მეტიც, მაშინ მერიაში შემოიტანა პროექტი, რომელიც მე არ დავამტკიცე, მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტორი ცნობილი იყო. მშრალი ხიდის მიდამოებში, სადაც ძველმანები იყიდება, ერთი ფერდია, რომელიც ივანიშვილს ეკუთვნის და იქ რუსული კულტურის ცენტრის მშენებლობა უნდოდა. ამაზე უარი ვუთხარით. ეს ხდება უშუალოდ წინა პერიოდში, ვიდრე ის პოლიტიკაში მოვიდოდა. აი, ეს იყო ნახევრად საქმიანი ურთიერთობა. ივანიშვილი რომ შიზოფრენიკი იყო, მაშინ გამოჩნდა, როდესაც ჩრდილელი ჩვენს აგენტად გამოაცხადა და ამ ადამიანმა ტკივილის მეტი არაფერი ნახა: მაშინ მისი შვილი გალახეს სკოლაში ამის გამო და ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნა“.
ცნობისთვის: ღარიბაშვილი სკანდალურ ჩანაწერებს ერთკვირიანი დუმილის შემდეგ გამოეხმაურა, მას ფაბრიკაცია უწოდა, განაცხადა, რომ ჩანაწერი 11 წლის წინანდელია და ის დამზადებულია მრავალი სხვადასხვა საუბრის შედეგად. თქვა, რომ ერთადერთი დაზარალებული თავადაა, რადგან მას უსმენდნენ, მით უფრო, რომ ბიძინა ივანიშვილი ჯერ პოლიტიკაში არ იყო მოსული, რომ საქმეს დაზარალებული არ ჰყავს. რაც შეეხება ჩანაწერში ნახსენებ მინისტრებს, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მას, როგორც ფონდ „ქართუს“ პრეზიდენტს, ურთიერთობა ჰქონდა მინისტრებთან, დედაქალაქის მერთან, პირველ ლედისთან და ა.შ.


