Accentnews.ge
კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე ოპოზიციონერი ლიდერები ნაკლებად ოპტიმისტური  განწყობით მივიდნენ

კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე ოპოზიციონერი ლიდერები ნაკლებად ოპტიმისტური განწყობით მივიდნენ

15/03/2021 06:14:00 პოლიტიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრას აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი ესწრება. უნდა აღინიშნოს, რომ გასული დღეებისგან განსხვავებით, ოპოზიციონერი ლიდერები ნაკლებად ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. მათ აქვთ ეჭვი, რომ „ქართულ ოცნებას“ დიალოგის წარმატებით დასრულება არ სურს. ეს ეჭვი მათ სახელისუფლებო პარტიის თავმდჯომარის განცხადებამ გაუღრმავა: როგორც ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, ჰქონდათ მოლოდონი, რომ შეხვედრა 14 მარტს გაგრძელდებოდა, თუმცა მოლაპარაკებების კარი მოულოდნელად ირაკლი კობახიძემ დახურა და განაცხადა, რომ შეხვედრები პრემიერ–მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაგრძელდებოდა.

„იმ ფონზე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად შეწყვიტა მოლაპარაკებები და დაგვიანონსა, რომ განახლდებოდა მხოლოდ ბრიუსელი ვიზიტის შემდეგ, განსაკურებით მნიშვნელოვანი იყო მედიატორების პოზიცია, რომლებმაც ნათქლად აჩვენეს, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის კრიზისიდან გამოსვლა და ყველას კიდევ ერთი შანსი, კიდე ერთი დღე მოგვცეს, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ. ამ შანსს გამოყენება სჭირდება. ყველაფერი დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“, განსაკუთრებით გუშინდელი სღამოს შემდეგ“,– განაცხადა დავით ბაქრაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

ანალოგიური პოზიცია აქვს ენმ–ის წევრ სალომე სამადაშვილს:

„გუშინ „ქართული ოცნების“ განცხადებამ გააჩინა განცდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, მოლაპარაკებები ამ ეტაპზე უშედეგოდ დასრულებულიყო. მივესალმებით იმას, რომ მედიატორმა გადაწყვიტა, საკუთარი ყოფნა საქართველოშო გაეგრძელებინა და არ აპირებს, პრემიერ–მინისტრს ბრიუსელში ხელცარიელი ჩასვლის უფლება მისცეს. მაგრამ, ფაქტია, რაც არ უნდა მონდომებული იყოს მედიატორი, ოპოზიცია, შეთანხმებას ორი მხარე სჭირდება“.

კობახიძის განცხადებაში მოლაპარაკებების შეწყვეტის სურვილი დაინახა ზურაბ ჯაფარიძემაც:

„ჩვენ რაც სურათი დაინახეთ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მინიმუმ ახლა არ უნდათ მოლაპარაკებების გაგრძელება [„ქართულ ოცნებას“]. ჩვენთან რომ ყოფილიყო მოლაპარაკება და ამის შემდეგ მომხდარიყო მსგავსი რამ, გასაგები იქნებოდა, რომ ოპოზიციასთან შეხვედრაზე მოხდა რაღაც ისეთი, რის გამოც ოპოზიციამ გადაწყვიტა, რომ მოლაპარაკებები აღარ გააგრძელოს. ეს მოხდა „ოცნებასთან“ შეხვედრის დროს. „ოცნების“ ლიდერები გამოვიდნენ და თქვეს, რომ „მოლაპარაკებები დამთავრდაო“. ეს ნიშნავს, რომ მოხდა რაღაც ისეთი, რის გამოც მათ გადაწყვიტეს, რომ ლაპარაკს აზრი აღარ აქვს“.

"სტარტეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, გუშინ "ქართული ოცნების" მხრიდან მოლაპარაკების ფაქტობრივად ჩაშლის მცდელობას ჰქონდა ადგილი".

"ვფიქრობ, რომ მთავარი პრობლემა, როგორც ჩანს რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების არგამოშვების საკითხია, მაგრამ გუშინ მე დავინახე "ქართული ოცნების" მხრიდან მოლაპარაკების ფაქტობრივად შეფერხების, თუ არა ჩაშლის მცდელობა, ჩვენ დასავლელ პარტნიორებს დიდი მადლობა რომ უძლებენ ამ ფსიქოლოგიურ სტრესს", - განაცხადა ვაშაძემ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, ხელისუფლების გუშინდელი განცხადების მიუხედავად, მოლოდინი ისევ პოზიტიური აქვს:

"დანიელსონის დარჩენა ნიშნავს, რომ მან გადაარჩინა მოლაპარაკებების ეს პროცესი და ქვეყანაც, რადგან ამ შეთანხმებას დიდი წონა და ფასი აქვს ქვეყნისთვის. ეს არის შეთანხმება, რომელიც მოწმობს, რომ ევროპისკენ სვლა და ევროატლანტიკური არჩევანი არის შეუქცევადი პროცესი და „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს, ეს შეაჩეროს. კობახიძემ სცადა, ყველანაირი სტანდარტის დარღვევით, ყველანაირი წესის დარღვევით გამოაცხადა, რომ თურმე დამთავრდა ეს პროცესი, ზუსტად ერთ საათში მოვისმინეთ, რომ მედიატორი მზად არის, გადადოს ფრენა და გააგრძელოს მოლაპარაკებები. მოლოდინი ისევ პოზიტიური მაქვს და მე ვფიქრობ, რომ არის სივრცე, შეთანხმება შედგეს. დღეს ფაქტით დადასტურდა, რომ „ქართული ოცნება“ მზად არ არის შეთანხმებისთვის და ასევე, ფაქტით დადასტურდა, რომ ევროკავშირი არის მზად და ჩადებს ყველა ძალისხმევას, რათა ამ ქვეყანაში შედგეს ისეთი შეთანხმება, რომელიც გათვლილი იქნება მომავალზე, რომ აღარ იყოს მსგავსი კრიზისები“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ეწვია, მას ქვეყანა დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა დანიელსონმა საქართველოდან გამგზავრება გადაიფიქრა და შეხვედრებს დღესაც განაგრძობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S