ყოფილი პატიმარი პენიტენციურ სამსახურს ვეგანობის ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის
17/03/2021 09:16:38 სამართალი
ყოფილი პატიმარი პენიტენციურ სამსახურს ვეგანობის ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის. მის უფლებებს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი 2019 წელს ე.წ. გლდანის ციხეში მოათავსეს, მან აცნობა ადმინისტრაციას ვეგანობის შესახებ და სპეციალური რაციონით კვება ითხოვა.
"მიუხედავად თხოვნისა, მას არ მიეწოდა საჭირო საკვები, რადგან ადმინისტრაციის განმარტებით, არც სპეციალური საკვები ჰქონდათ ვეგანებისათვის და არც მზარეული ჰყავდათ, რომელიც მოამზადებდა ვეგანურ საკვებს. ამასთან, ვეგანური პროდუქტები ადგილობრივ მაღაზიაში არ იყო ხელმისაწვდომი. შედეგად, პატიმარს ადმინისტრაციის მიერ შემოთავაზებული საკვების მცირე ნაწილის მიღება შეეძლო და მთელი დროის განმავლობაში უწევდა იმაზე ბევრად ნაკლები საკვების მიღება, ვიდრე ნორმაა", - აღნიშნავს საია და განმარტავს, რომ ამ მიზეზით მოსარჩელეს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები.
მოქალაქე მიიჩნევს, რომ სწორედ ამის გამო ის მთელი პატიმრობის პერიოდის განმავლობაში იყო ვეგანობის ნიშნით დისკრიმინაციის მსხვერპლი, რის გამოც იგი ითხოვს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.
"სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება არამხოლოდ უშუალოდ მოსარჩელის დარღვეული უფლებების აღდგენა, არამედ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა გახდეს პენიტენციურ დაწესებულებებში კვების საკითხებთან დაკავშირებული რეგულაციების გადახედვის საფუძველი", - ვკითხულობთ განცხადებაში.


