ენმ-ის წევრი: "პარტიის ცენტრალურ ოფისს ესროლეს, დაზიანებულია ნიკა მელიას ბანერი"
17/03/2021 10:05:59 პოლიტიკა, სამართალი
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა ნოზაძის თქმით, ენმ–ის ოფისს ესროლეს.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა პარტიის ლიდერის ნიკა მელიას ბანერის მიმართულებით განხორციელდა, რომელიც პარტიის ოფისის შენობაზეა განთავსებული.
"ენმ–ის ცენტრალურ ოფისს ესროლეს, დაზიანებულია ნიკა მელიას ბანერი!", –წერს ნოზაძე სოციალურ ქსელში და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს:
![]()
მომხდართან დაკავშირებით შსს–მ გამოძიება დაიწყო.
"მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე არსებული ბანერი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად დაზიანდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მოუმართავთ. გამოძიება მედიაში გასული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში


