![რუსეთში პიანისტმა კონცერტი შეწყვიტა და სცენიდან პუტინის რეჟიმის რეპრესიული მანქანის წინააღმდეგ გაილაშქრა [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/Screenshot_at_2021-03-17_19-57-06.png)
რუსეთში პიანისტმა კონცერტი შეწყვიტა და სცენიდან პუტინის რეჟიმის რეპრესიული მანქანის წინააღმდეგ გაილაშქრა [ვიდეო]
17/03/2021 15:57:18 მსოფლიო
ნოვოსიბირსკის ფილარმონიაში, რეპრესირებულ პიანისტ ვერა ლოტარ-შევჩენკოს 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტზე ინციდენტი მოხდა. ღონისძიების ერთ-ერთმა მონაწილემ - პიანისტმა ტიმოთე კაზანცევმა კონცერტი შეწყვიტა და სცენიდან პუტინის რეჟიმისა და მისი რეპრესიული მანქანის წინააღმდეგ გაილაშქრა.
მოგვიანებით პიანისტმა ამის ამსახველი ვიდეო საკუთარ YouTube-არხზე გამოაქვეყნა.
«ჩვენ ვგმობთ რეპრესიულ მანქანას, რომელიც ადამიანების სიცოცხლეებს ამსხვრევს. ჩემი გამოსვლა არავისთან შემითანხმებია, არც ფილარმონიის ხელმძღვანელობასთან, ჩემს ცოლთანაც კი. მაგრამ დღეს ამ დარბაზში თავის დროზე რეპრესირებული პიანისტის იუბილეს აღვნიშნავთ და ლოგიკურად მიმაჩნია, ამ სცენიდან ვახსენოთ ჩვენი ამჟამინდელი რეპრესიების მსხვერპლნიც, დავგმოთ ამჟამინდელი რეპრესიული მანქანა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენს პოლიტპატიმრებს. დღეს ამ დარბაზში 150-მდე ადამიანი ვართ შეკრებილი, სამი დღის წინ კი ასეთივე დარბაზში შეჭრილმა პოლიციამ მასში მყოფი ყველა მოქალაქე დააკავა. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! მოგიწოდებთ ყველას, დავაფიქსიროთ ჩვენი ხელმოწერები ნოვოსიბირსკელი აქტივისტის - უკანონოდ დაკავებული იანა დრობნოხოდის გათავისუფლების მოთხოვნის ქვეშ" - მიმართა დარბაზს პიანისტმა.
ფილარმონიის თანამშრომლებმა კაზანცევის სცენიდან გაყვანა სცადეს, თუმცა დარბაზმა მათი ქმედება გააპროტესტა.