კრიზისი გრძელდება – მედიატორი თბილისს ტოვებს, დიალოგის პერსპექტივა ბუნდოვანია
18/03/2021 21:48:32 პოლიტიკა
ევროპული კომისიის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ჩართულობით მიმდინარე მედიაციის პროცესი შედეგის გარეშე დასრულდა და მოლაპარაკებების გაგრძელების, შესაბამისად, პოლიტიკური კრიზისის დასრულების პერსპექტივა ბუნდოვანია, მხარეები კი ერთმანეთს ადანაშაულებენ.
„ვწუხვარ, რომ ამდენსაათიანი მუშაობის შედეგად ვერ ვაჩვენეთ მაღალი კულტურა ქართულ საზოგადოებას, ვერც ევროპული სტანდარტი და ამ ყველაფერში დამნაშავე „ქართული ოცნებაა“, რომელსაც არ ესმის, რა არის ევროპელი ინტეგრაცია და კიდევ ერთხელ ნახა დასავლეთმა, ვისთან აქვთ საქმე. ოპოზიციური პარტიები ლოგიკურად ვმსჯელობდით ყველა საკითხზე, მაგრამ „ქართული ოცების“ მხრიდან არ არის აღქმული ქვეყანაში არსებული კრიტიკული სიტუაცია. უშედეგოდ დასრულებული დღევანდელი დღე უჩვენებს, რომ ჩვენ არ გვაქვს საქმე სახელმწიფოებრივ მიდგომასთან. აქედან გამომდინარე, თუ დღეს შეთანხმება არ არის და მედიატორი ტოვებს ქვეყანას, ამაში დამნაშავე მხოლოდ „ქართული ოცნებაა“. მათ მოუწევთ საქართველოსთან დაკავშირებით დაფიქრება, რა სურთ და შედეგები იქნება მძიმე",– განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციას ერთიანი პოზიციას ერთიანი პოზიცია აქვს:
„არც კი მისულა საქმე იქამდე, რომ ოპოზიციის მხარეს არის პრობლემა. „ქართულმა ოცნებამ“ გაუგებარი მოთხოვნებიდან გამომდინარე, პროცესი შეაფერხა. მათ ჰგონიათ, რადგან 16 [პრემიერის ბრიუსელში ვიზიტი] გადააგორეს, ამით რამეს მიაღწევენ. მერწმუნეთ, დასავლეთმა კარგად დაინახა, სად დგას ოპოზიცია, სად – „ქართული ოცნება“ და ამას ექნება შედეგები“.
მისი თქმით, ოპოზიციას ექნება კონსულტაციები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.
„ხელოვნურ კრიზისებს ცუდი შედეგების მოტანა ქვეყნისთვის არ შეუძლია, – ასე პასუხობს ნეგატიურ პროგნოზს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
მისი შეფასებით, იყო ძალიან საინტერესო პროცესი, იყო წინსვლაც, თუმცა „როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის იყო თვითმიზანი, შეთანხმების არ მიღწევა“:
„ეს გამოიხატა იმაში, რომ დაყენებული იყო ულტიმატუმები, მათ შორის ისეთიც, რომელიც ითვალისწინებდა მაგალითად კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას. ბუნებრივია ასეთი ულტიმატუმები არის აბსოლუტურად მიუღებელი დიალოგის პროცესში“,– განაცხადა კობახიძემ.
მან კიდევ ერთხელ დაყო ოპოზიცია კონსტრუქსიულ და დესტრუქციულ ნაწილებად და განაცხადა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობა, მათ შორის ისინი, რომლებიც მოლაპარაკებებზე იყვნენ წარმოდგენლები, კიევიდან, საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ იმართებიან.
„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით კი სახელისუფლებო გუნდის პოლიციის გამო, 6-პუნქტიან დოკუმენტში არსებულ ვერც ერთ საკითხზე გარღვევა ვერ მოხდა.
"პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ვერც ერთ საკითხზე ვერ მივედით იქამდე, სადაც საჭირო იყო, მაგრამ განსაკუთრებით, პოლიტიკურად შეურაცხადი პოზიცია ჰქონდათ - პოლიტიკური პატიმრების საკითხზე და ვადამდელი არჩევნების საკითხზე. შემექნა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილისგან აკრძალული აქვთ ნებისმიერ გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვება, ეს არის ერთადერთი ახსნა, რატომაც გაგრძელდა შეხვედრა ამდენ საათს", - ამბობს ბოკერია.
კითხვას დათმო თუ არა რამე ოპოზიციამ ამ მოლაპარაკებების პროცესში, ბოკერია ასე პასუხობს: "მაქამდე საქმეც არ მისულა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი წინადადება გვქონდა და მედიატორების ბევრი იდეა იყო ისეთი, რომელიც გამოსავალს იპოვიდა".
„გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ცნობით, „ქართული ოცნების“ პრეტენზიები ამოუწურავი იყო:
„მოლაპარაკებების პროცესი არც ერთ მომენტში არც კი მისულა ახლოს რომ სერიოზულად განხილულიყო ოპოზიციის ხედვები და პოზიციები. მომლაპარაკებლებმა ვერ შეძლეს მთელი ამ დღეების განმავლობაში რომ დაედოთ რაიმე დოკუმენტი, რომელზეც ქართულო ოცნების მხრიდან იქნებოდა თანხმობა. მათი პრეტენზიები იყო ამოუწურავი და საბოლოო ჯამში მოხდა ის რაც მოხდა და დასრულდა ეს მოლაპარაკებები. არ მჯერა, რომ ქართულ ოცნებას, ამ ხალხს არ ესმის რას ნიშნავს ამხელა ყურადღება მთელი დასავლეთის ამ პროცესზე. არ ესმით რას ნიშნავს, რომ პროცესში ჩართული იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და მან საკუთარ თავზე აიღო ეს პასუხიმგებლობა და საკუთარი და ევროკავშირის რეპუტაცია დადო სასწორის პინაზე. ერთადერთი ახსნა ამ ყველაფერს აქვს ის, რომ ამ ხალხს ფეხზე ჰკიდია ევროკავშირი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტიც, მათი რეპუტაციაც და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებიც ეს არის ერთადერთი ლოგიკური ახსნა ამ ყველაფრის...
დოკუმენტი რომელსაც ისინი გვთავაზობდნენ, რამდენჯერმე გაფუჭდა. ჩვენთვის ამოუხსნელი იყო რატომ ხდებოდა ეს, მაგრამ ცხადი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ არ თანხმდებოდა არაფერზე“.
მოლაპარაკებებზე ენმ–ის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილის განცხადებით, მოლაპარაკებათა პროცესში მედიატორების მხრიდან შემოთავაზებულ არც ერთ ვერსიაზე არ უთქვამს „ქართულ ოცნებას“ „კი.
პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ცნობითკი, დღეს შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იყო, თუმცა ის მიიჩნევს, რომ ამისთვის ოპოზიცია არ იყო მზად.
თალაკვაძის თქმით, "თუ ოპოზიციას ექნება პრაგმატული და სამართლიანი დამოკიდებულება საკითხებთან", შეთანხმების მიღწევას შეძლებენ:
"სახელმწიფოსთვის, საქართველოსთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება დღეს იყო შესაძლებელი, ჩვენი მხრიდან ამისთვის არსებობდა სრული მზადყოფნა. სამწუხაროდ, ოპოზიცია არ იყო დღეს მზად შეთანხმების მისაღწევად, მათ პრიორიტეტი მიანიჭეს არა საქართველოსთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, არამედ იმ საკითხებს, რომლებიც კონკრეტულად მათი რამდენიმე პარტიისთვის არის პრიორიტეტული...
ეს დრო არ იყო დაკარგული დრო. ვფიქრობ, რომ იმ საკითხებზე რაც საქართველოს და საზოგადოებას სჭირდება პოზიციები არის დაახლოებული და ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალში თუ ოპოზიციას ექნება პრაგმატული და სამართლიანი დამოკიდებულება საკითხებთან, ჩვენ შევძლებთ ამაზე შეთანხმებას".
თავად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა, რომელიც თბილისში კრიზისის განმუხტვის მიზნით შეხვედრებს ერთი კვირაა, მართავს, განაცხადა, რომ კრიზისის განმუხტვა პოლიტიკური ლიდერების ხელშია და ამას ქართველი ხალხი იმსახურებს.


