Accentnews.ge
აშშ VS რუსეთი დღეს და საქართველო

აშშ VS რუსეთი დღეს და საქართველო

18/03/2021 22:10:58 ანალიზი

საქართველოში ინტერესით ადევნებენ თვალს აშშ–სა და რუსეთს შორის ბოლო დღეებში გაჩაღებულ გადაძახილ–გადმოძახილს, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის მიერ რუსი კოლეგის „მკვლელად“ აღიარებით დაიწყო, საპასუხოდ რუსეთის მიერ ამერიკიდან ელჩის საკონსულტაციოდ გაწვევით გაგრძელდა, შემდეგ პუტინის მხრიდან ბაიდენისთვის ხისტი პასუხის გაცემა და აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხის პასუხი მოჰყვა. დამკვირვებელთა ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ პროცესი რიტორიკის ფარგლებს გასცდა და ბაიდენი რუსეთთან მიმართებაში წინასაარჩევნო დანაპირების აღსრულების გზას დაადგა. რეალურად რა პროცესს ვადევნებთ თვალს? რა გავლენა შეიძლება, მოახდინოს მოვლენათა მსგავსმა განვითარებამ საქართველოზე, რომლისთვისაც რუსეთი მტრული სახელმწიფოა, აშშ - სტრატეგიული პარტნიორი? ამავდროულად, ართულებს თუ არა საქართველოს მდგომარეობას რეგიონული კონტექსტი და ის შიდაპოლიტიკური კრიზისი, რომელიც უკვე თითქმის წელიწადია, სხვადასხვა სიმწვავით გრძელდება? ამოწურა თუ არა რესურსი რიგ კომენტატორთა მიერ „დაშოშმინების“ პოლიტიკად შეფასებულმა მიდგომამ? – ამ თემებზე „აქცენტი“ საგარეო ურთიერთობათა პოლიტიკის მკვლევარებს თორნიკე შარაშენიძესა და გიორგი გობრონიძეს ესაუბრა.

რა ხდება?

გიორგი გობრონიძე იზიარებს შეფასებას, რომ აშშ–რუსეთის ურთიერთობა დაპირისპირების ახალ ფაზაში გადავიდა. საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხთა სპეციალისტი ამ კონტექსტში ჯოზეფ ბაიდენის წინასაარჩევნო დანაპირებს იხსენებს:

„საგარეო პოლიტიკის კუთხით ბაიდენის ერთ–ერთი განაცხადი იმაში მდგომარეობდა, რომ თუ არჩევნებში გაიმარჯვებდა, რუს ხალხს პუტინის აგრესიისგან გაათავისუფლებდა. შესაბამისად, მოსალოდნელი იყო, რომ მოსკოვის მიმართ ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომა საკმაოდ ხისტი იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ამერიკა–რუსეთის ურთიერთობებში არ უნდა ველოდოთ რაიმე ტიპის „გადატვირთვას“, რომელსაც თავის დროზე „დემოკრატები“ ახორციელებდნენ. ჩვენ თვალს ვადევნებთ ურთიერთობების დაძაბვის ახალ ფაზას და მას უკვე ჰქონდა პრაქტიკული გამოვლენა: აშშ–მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ამ მხრივ საუბარია უპირველესად, ორმაგი დანიშნულებს ტვირთებზე, რომელიც შეიძლება, ქიმიური იარაღის საწარმოებლადაც იქნას გამოყენებული“.

მკვლევარის პროგნოზით, დაპირისპირების ახალი ფაზა გავლენას იქონიებს აშშ–ის ურთიერთობებზე ახალ პარტნიორებთან - ევროპის აღმოსავლეთ რეგიონებთან, მათ შორის - ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, პოლონეთთან, საქართველოსთან.

„ცხადია, ამას მოსკოვიც აცნობიერებს და ეს აისახება რუსეთის მოქმედებაზე ამერიკის მოკავშირეების მიმართ. ამ შემთხვევაში უკრაინა და საქართველო ყველაზე დაუცველები არიან, რადგან ბალტიისპირეთის სახელმწიფოები ნატო–ს ქოლგის ქვეშ იმყოფებიან, ჩვენ კი აღმოვჩნდით არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში და ქართული პოლიტიკური კლასის მოქმედებები ორმაგად საფრთხილოა: კრიზისის კიდევ უფრო გაჭიანურება ქვეყანას იმაზე ძვირი დაუჯდება, ვიდრე რომელიმე ქართველ პოლიტიკოსს შეიძლება, წარმოედგინოს“ – თვლის გობრონიძე.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თორნიკე შარაშენიძე კი მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარებას არ ელის, ფიქრობს რა, რომ ბაიდენის პოზიციონირება პოლიტიკური ისტებლიშმენტისა და მედიის კრიტიკულ განწყობასა და შესაბამის მოთხოვნაზე ერთგვარი რეაგირება იყო:

„აშკარად გამოჩნდა, რომ რუსეთის მიმართ სანქციებს დიდი შედეგები არ მოჰყვა. დამატებითი „ჭიდაობა“ რუსეთთან, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის, მით უფრო, რომ არსებობს ჩინეთი და ის, საბოლოო ჯამში, ამერიკისთვის გაცილებით დიდი საფრთხეა. ამდენად, ვფიქრობ, რაც ბოლო დღეებში ვიხილეთ, ისტორიას შემორჩება, როგორც საინტერესო „ქეისი“.

როგორი უნდა იყოს პოლიტიკა?

გიორგი გობრონიძე არ იზიარებს შეფასებას, რომ საქართველო ბოლო დროს ცალსახად კაპიტულანტურ პოლიტიკას ატარებდა. მას არგუმენტად ახლო წარსულიდან რამდენიმე ფაქტი მოჰყავს: ასოცირების შეთანხმება, ნატო–ს სასწავლო ცენტრის გახსნა, ნატო–სთან თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია, აშშ–ისგან ლეტალური იარაღის მიღება, სერიოზული სამხედრო წვრთნები, აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტის საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ვაზიანის სამხედრო ბაზიდან.

ამავდროულად, მკვლევარი პრობლემებზეც მიუთითებს, რომელიც ძირითადად თანმიმდევრულობასა და პარტნიორებთან მიმართებაში პროაქტიური პოლიტიკის დეფიციტს უკავშირდება:

„პარტნიორებს არ ვთავაზობთ საკუთარ დღის წესრიგს. მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ჩვენმა დიპლომატიამ, მთლიანად პოლიტიკურმა კლასმა შეაფასოს ვითარება, სწორად დაინახოს, რასთან გვაქვს საქმე, რადგან აშშ–სა და რუსეთს შორის პროცესი ცივი ომის, სიტყვიერი დაპირისპირების, შეხლა–შემოხლის ფარგლებს სერიოზულად გასცდა და მნიშვნელოვანია ჩვენი სიმტკიცე, სახელმწიფოებრივი სტაბილურობის შენარჩუნება: საქართველოში ნებისმიერი პოლიტიკური რყევები არა მხოლოდ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, პირველ რიგში, თავად ჩვენ გვაზიანებს და მთლიანად სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში შექმნის საფრთხეს“.

თორნიკე შარაშენიძეს კი „დაშოშმინების“ პოლიტიკის კრიტიკოსებთან შემხვედრი კითხვა აქვს: რა ალტერნატივა არსებობს?

„ნატო–ში ჯერ არ გვიღებენ, არანაირი ალიანსის წევრები არ ვართ, არ გვყავს არავინ, განსხვავებით იგივე აზერბაიჯანისგან, ბალტიისპირეთის ქვეყნები ნატო-ში არიან და ამ ვითარებაში რა გზა გვრჩება? ვფიქრობ, თუ ტყუილად არ აღიზიანებ, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ამ დროს ქვეყანა შიგნიდან უნდა ძლიერდებოდეს, რაც სამწუხაროდ, არ ხდება“.

შარაშენიძის აზრით, მნიშვნელოვანია არა იმდენად ის, თუ რისთვის არის მზად საქართველო, არამედ ის, თუ რისთვის არიან მზად ამერიკელები - არიან კი მზად, საქართველოს უსაფრთხოება საკუთარ თავზე აიღონ?

„ვფიქრობ, ამ ეტაპზე ამერიკა რუსეთთან კონფრონტაციისთვის მზად არ უნდა იყოს, ხოლო თუ არის, კი ბატონო, დაველაპარაკოთ და ჩადგას სამხედრო ბაზა [საქართველოში – რედ.]. მაგრამ მგონია, რომ საქმე ჯერ აქამდე არ მისულა. ეს შეუძლებელი, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება: აშშ-მა უნდა გადაწყვიტოს, რომ ეს უღირს და ამისთვის რესურსი გამოჰყოს. საკმარისი არა ჩვენი, არამედ მისი გადაწყვეტილება იქნება“ - ამბობს შარაშენიძე და იქვე დასძენს, რომ თუ ამ ეტაპზე მსგავსი მზაობა არაა, საქართველოს რჩება მხოლოდ მანევრირების გზა: თავი გადაირჩინოს, დაიცადოს, არ გააღიზიანოს რუსეთი, თან შეინარჩუნოს დასავლური კურსი.

რისკები

«ქვეყანაში შექმნილი კრიზისი არ იძლევა საშუალებას, სახელმწიფო ინსტიტუტებმა გამართულად იფუნქციონორონ. საჭიროა, საკანონმდებლო ორგანოს ჰქონდეს შესაძლებლობა, მოახდინოს ეფექტური და მოქნილი რეაგირება, მათ შორის - ქვეყნის შიგნით არსებულ გამოწვევებზე»,– თვლის გობრონიძე და იმ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ მაკროეკონომიკური პარამეტრებით საქართველოს კონსტიტუცია ირღვევა, კერძოდ, ქვეყნის საგარეო ვალმა კანონმდებლობით დაშვებულ ზღვარს გადააჭარბა და არსებული ვითარება არ იძლევა იმის პროგნოზირების შესაძლებლობას, რომ ვალი კიდევ მეტად არ გაიზრდება.

„განახევრებული ინვესტიციების ფონზე საკმაოდ სერიოზული განხილვის საკითხია ცალკეული ეკონომიკური პროექტები; ქვეყანაში ღრმავდება კრიზისი და ვინ უნდა ჩადოს ასეთ ქვეყანაში ინვესტიციები, რამ უნდა შექმნას სამუშაო ადგილები? გარდა ამისა, ვხედავთ, როგორ საქართველოს გარშემო არაკეთილსაიმედო რკალი იკვრება: პანდემიის მიუხედავად, რეგიონში რუსული სამხედრო აღმშენებლობა გრძელდება, რაც ჩვენთვის მუდმივი სამხედრო რისკების წყაროდ რჩება; სომხეთისა და აზერბაიჯაბნის მიმართულებით მთლიანად შეიცვალა რეგიონულ–პოლიტიკური კლიმატი, ვხედავთ ირანის მზარდ დაინტერესებას რეგიონში მიმდინარე პროცესებით, საუბარი იყო იგივე „ექვსეულის“ ფორმატზე, რაც, ჩემი ხედვით, რეალურად, „სამეულის“ ფორმატია და გავლენის სივრცეების განაწილებას გულისხმობს“.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გობრონიძე არ თვლის, რომ ქვეყანას განგრძობად კრიზისში, ორივე მხრიდან უკომპრომისობის მოცემულობაში ცხოვრების გაგრძელების ფუფუნება აქვს:

„ეკნომიკა თავზე გვემხობა, ამას ემატება საგრეო კლიმატი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გადადის რუსეთთან დაპირისპირების ახალ ფაზაში, რაც ჩვენზეც აისახება და არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი გვერდს აგვივლის. ეს ყველაფერი მოითხოვს სიმშვიდეს, ინსტიტუტების მოქნილობას, ექსპერტიზის მაღალ ხარისხს, პოლიტიკური კლასის სრულ ჩართულობას კონკრეტულად ამ საფრთეების წინააღმდეგ!“.

თორნიკე შარაშენიძის აზრით კი, თუ მაღალი რანგის ევროპელი დიპლომატების ჩართულობით წარმოებული მედიაციის პროცესი შედეგს ვერ გამოიღებს, ეს ქვეყნის მიმართ პარტნიორების დამოკიდებულებაზეც აისახება და ამაზე პასუხისმგებლობა ორივე დაპირისპირებულ მხარეს დაეკისრება:

„ჩაგვთვლიან თინეიჯერობაში ჩარჩენილ მუტრუკად! სანქციებს არ ველი, მაგრამ ეს განწყობაზე აისახება, „აზრი არ აქვს, ამათგან არაფერი გამოვაო“. ინტეგრაციის პროცესისთვის, მათ შორის, ეკონომიკური განვითარებაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ კი ამით ძალიან ჩამოვრჩებით ევროკავშირის სტანდარტებს. მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატია. გასაგებია, რომ ეკონომიკური განვითარება ძალიან რთულია, მით უფრო - პანდემიურ და კრიზსულ ვითარებაში, მაგრამ დემოკრატიულ განვითარებას პოლიტიკური ნება სჭირდება, რაც არ ჩანს. ბუნებრივია, ეს უფრო მეტად ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ოპოზიციაც კითხვებს უჩენს დასავლეთს“.

შესაძლებლობა

გიორგი გობრონიძის ხედვით, საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება საქართველოში აშშ–ის წარმოდგენილობის გაძლიერებით რუსული რისკების დაბალანსების შესაძლებლობას იძლევა:

„დაახლოებით იგივე ნაბიჯები გადავდგათ, რაც ფიდელ კასტროს კუბამ, როდესაც კარიბის ზღვაში საბჭოთა კავშირი ცდილობდა ამერიკული გავლენის დაბალანსებას: აშშ თუნდაც გეოგრაფიული მოცემულობიდან გამომდინარე, ვერასდროს იქნება კავკასიის რეგიონში ისეთი აქტიური, რომ ამან უკიდურესად ასიმეტრიული პარტნიორობა გამოიწვიოს, საფრთხე შეუქმნას საქართველოს სუვერენიტეტსა და მისი დამოუკიდებულობა ფორმალურ ხასიათამდე დაიყვანოს. იმავდროულად, აშშ საკმარისად ძლიერია, რომ რუსეთს არ მისცეს უფლება, რეგიონში ერთპიროვნულ ჰეგემონად იქცეს. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს მოცემულობა, დასავლელ პარტნიორებს ვაჩვენოთ, რომ არა მხოლოდ მომხმარებლები ვართ უსაფრთხოების, არამედ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი და დემოკრატიული სივრცის გადარჩენას შეუძლია, ხელი შეუწყოს, განამტკიცოს, მათ შორის, ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების გარემოც“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S