
პუტინმა ბაიდენს სატელევიზიო დებატები შესთავაზა
19/03/2021 08:20:27 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგა ჯო ბაიდენს ს დისკუსიის პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გაგრძელება შესთავაზა. პუტინის თქმით, იგი მზადაა, ბაიდენს 19 ან 22 მარტს ესაუბროს.
რუსეთის საგარეო უწყებამ ორი პრეზიდენტის საუბრის მომზადება დაიწყო, - აცნობა ჟურნალისტებს სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
მანამდე ABC News-თან ინტერვიუში ბაიდენმა დადებითი პასუხი გასცა კითხვას, თვლის თუ არა პუტინს მკვლელად. საპასუხოდ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ტერიტორიის კოლონიზაციისას "ადგილობრივთა გენოციდი განხორციელდა". მან ასევე ახსენა აშშ-ის ატომური დარტყმა იაპონიაზე მეორე მსოფლიო ომის დასასრულს.
პუტინის შეთავაზების შემდეგ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ აცნობა ჟურნალისტებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეხვედრის ალბათობას ჯერ ვერ შეაფასებს, რადგან პრეზიდენტი დაკავებული იქნება - ბაიდენი ვიზიტად ჯორჯიაში მიემგზავრება.
მისივე თქმით, ბაიდენი ABC News-ს ეთერში ნათქვამს არ ნანობს. «პრეზიდენტმა პირდაპირ კითხვას პირდაპირი პასუხი გასცა», — განაცხადა პრეს-მდივანმა და დასძინა, რომ აშშ, უთანხმოებების მიუხედავად, რუსეთთან რიგ სფეროებში თანამშრომლობას შეძლებს.
ბაიდენის განცხადების შემდეგ მოსკოვმა ვაშინგტონიდან რუსეთის ელჩი ანატოლი ანტონოვი კონსულტაციებისთვის გაიწვია. რუსეთში აშშ-ის დიპმისიის ხელმძღვანელი ჯონ სალივანი მოსკოვში მუშაობას აგრძელებს.