
კადიროვი: "ბაიდენმა ქვეყანა კი არ უნდა მართოს, უნდა იმკურნალოს"
19/03/2021 10:25:54 კავკასია
ჩეჩენთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინტერვიუს ეხმიანება, რომელშიც მან რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი "მკვლელად" აღიარა. როგორც კადიროვი აცხადებს, "ბაიდენმა ქვეყანა კი არ უნდა მართოს, უნდა იმკურნალოს, რადგან საშიშია მთელი კაცობრიობისთვის".
"ვთხოვ აშშ-ის ადმინისტრაციას, ძალზე ყურადღებით აკონტროლოს ბაიდენი, წინააღმდეგ შემთხვევაში მან შეიძლება, არა მარტო სრულ სისულელეებს მოაწეროს ხელი, არამედ, ღმერთმა არ ქნას, წითელ ღილაკს მიაჭიროს - და მშვიდობით, ამერიკულო ოცნებავ!" – განაცხადა კადიროვმა და დასძინა, რომ "ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა იმედები გაუცრუვა".
აღსანიშნავია, რომ ადრე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უკვე მისცა კადიროვს შენიშვნა საგარეო პოლიტიკურ თემებზე აზრის დაფიქსირების გამო და განაცხადა, რომ "რეგიონების ხელმძღვანელობა ასეთ საკითხებში არ უნდა ერეოდეს". მაშინ საქმე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ეხებოდა.