
კრემლსა და კადიროვს შორის ვითარება იძაბება
19/03/2021 10:41:24 კავკასია
კრემლსა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის მის მიერ ხელდასმულ ლიდერს - რამზან კადიროვს შორის ვითარება იძაბება. კადიროვმა პუტინის ხელისუფლებას ჩეჩნეთის ომი შეახსენა მას შემდეგ, რაც კრემლმა უარი განუცხადა ჩეჩნეთის ოდიოზურ ლიდერს, იგი "ჟურნალისტებისგან დაეცვა".
"თუ ვინმეს მიავიწყდა, მინდა, შევახსენო ჩეჩნეთის ომი, ის ათეულობით ათასი ადამიანი, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში ჩეჩნეთის დაბრუნებას შეეწირა" - განაცხადა კადიროვმა, "Новая газета"-ს ჟურნალისტებს კი "საკუთარ დივერსიულ პუბლიკაციებში ჩახრჩობა" უწინასწარმეტყველა.
ასეთი იყო კადიროვის რეაქცია კრემლის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის უარზე, ის და ახმატ კადიროვის სახელობის პოლკის მებრძოლები "ჟურნალუსტების თავდასხმებისგან" დაეცვა.
"დღეს ჩვენ ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნების მე-7 წლისთავს აღვნიშნავთ [უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები ყირიმს ანექსირებულად მიიჩნევენ - რედ]. ეს საზეიმო თარიღია. ზუსტად ასევე არ გვაქვს უფლება, დავივიწყოთ ჩეჩნეთის რესპუბლიკის შესახებ, რომელმაც მძიმე გზა განვლო რუსეთის შემადგენლობაში სრულფასოვანი დაბრუნებისთვის. ამ გზაზე ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა, ასობით ათასი დაინვალიდდა, ათასობით ადამიანი უგზო-უკვალოდ გაქრა. ვინ უნდა დაიცვას მათი უფლებები, თუ მოსკოვის ცენტრში დასავლეთის აგენტები სხედან და ჩვენი ხალხის ქაოსის მორიგ მორევში დაბრუნებაზე ოცნებობენ?!" – წერს კადიროვი თავის ტელეგრამ-არხზე.
ჩეჩნეთის ლიდერმა ასევე უპასუხა პესკოვის განცხადებას იმის შესახებ, რომ "ჟურნალისტების უსაფრთხოება ხელშეუხებელი უნდა იყოს". "ვერ ვხედავ საფრთხეს მედიის წარმომადგენლებისათვის, რადგან "Новая газета"-ს თანამშრომლები მედიის წარმომადგენლები არ არიან! ნებისმიერ მეტ-ნაკლებად მოაზროვნე ადამიანს ესმის, რომ ისინი არა ჟურნალისტები, არამედ დასავლეთის ქვეყნების სპეცსამსახურების აგენტები არიან, რომლებიც დაუსჯელობის შედეგად ყოველგვარ ზღვარს გასცდნენ. ამერიკის ხელისუფლება ხშირად აწესებს ანტირუსულ სანქციებს სწორედ ასეთი ლიბერალური გამოცემების ჩაწოდებით. ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევის თემაზე პუბლიკაციების გახშირების მიზეზი "Новая газета"-ს ვერშეგუებაა იმ ფაქტთან, რომ რეგიონში ტერორიზმი ერთხელ და სამუდამოდ განადგურდა, რომ აქ მშვიდობამ, წესრიგმა და სრულმა უსაფრთხოებამ დაისადგურა - სურს ეს დასავლეთს თუ არა. ისინი ჩაიხრჩობიან საკუთარ დივერსიულ პუბლიკაციებში, მაგრამ ჩეჩნეთში სტაბილურობის დარღვევას ვერ მიაღწევენ" - წერს კადიროვი.
"Новая газета"-მ წლის დასაწყისიდან უკვე მეორე საგამოძიებო მასალა გამოაქვეყნა, რომელიც ჩეჩნეთში მასობრივ მკვლელობებზე მიუთითებს. ჟურნალისტების მონაცემებით, 2016-2017 წლებში რესპუბლიკაში ათობით მოქალაქე დააკავეს, რომელთა დიდი ნაწილი შემდგომში ახმატ კადიროვის სახელობის პოლკის სპორტდარბაზში სიკვდილით დასაჯეს. ამას პოლკის ყოფილი წევრიც ადასტურებს, რომელიც დაკავებულებს დარაჯობდა.
ამ პუბლიკაციების შემდეგ ჩეჩნეთის ხელისუფლებამ გამოცემის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია გააჩაღა. 17 მარტს ჩეჩნეტის საზოგადოებრივმა პალატამ რუსეთის ხელისუფლებისადმი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც "მებრძოლების ჟურნალისტების ცილისმწამებლური თავდასხმებისგან დაცვას" ითხოვს. იმავე დღეს გროზნოში კადიროვის მხარდამჭერი მიტინგი მოეწყო, 18 მარტს კი ქალაქის ცენტრში ხსენებული პოლკის მებრძოლები გამოიყვანეს და მათი ვიდეომიმართვ ჩაწერეს: ერთ-ერთი მათგანი, მიმართავს რა პრეზიდენტ პუტინს, გამოცემის თანამშრომლებს შურისძიებით ღიად ემუქრება.
თავის მხრივ, კრემლმა ჩეჩნეთიდან მუქარის, თხოვნისა და საჩივრების საპასუხოდ ურჩია რესპუბლიკისა და საკუთრივ პოლკის ხელმძღვანელობას, ცილისწამების ბრალდებით სასამართლოს მიმართონ. "არსებობს იურიდიული პროცედურები და ინსტრუმენტები, რომლებიც უნდა გამოიყენოთ", – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა და დასძინა,რომ "ჟურნალისტების უსაფრთხოება ხელშეუხებელი უნდა იყოს".
თავად "Новая газета"-ში განაცხადეს, რომ მზად არიან, მუშაობა შეწყვიტონ, თუ ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა შეწყდება.
აღსანიშნავია, რომ 2000-იან წლებში რუსეთში ამ გამოცემის რამდენიმე ჟურნალისტი მოკლეს, მათ შორის - ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც ჩეჩნეთის ომის თემატიკას აშუქებდა და რამზან კადიროვთანაც ჩაწერა ინტერვიუ, რომელიც იმხანად თავის პოლიტიკურ კარიერას იწყებდა.
2021 წელს ჩეჩნეთში რესპუბლიკის ლიდერის არჩევნებია დაგეგმილი. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ეს ბოლო ჯერია, როცა რამზან კადიროვს - მმართველი პარტია "ერთიანი რუსეთის" უზენაესი საბჭოს წევრსა და რუსეთის ფედერაციის გმირს, კენჭისყრა შეუძლია. გამარჯვების შემთხვევაში ისჩეჩნეთს 2025 წლამდე უხელმძღვანელებს.
პირველად კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით 2007 წელს დაინიშნა. 2016 წლის არჩევნებზე მან, ოფიციალური მონაცემებით, ხმათა 97,94% დააგროვა.