Accentnews.ge
ISFED „ოცნებას“ მოუწოდებს, შეწყვიტოს ორგანიზაციაზე თავდასხმები და ძალისხმევა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ მიმართოს

ISFED „ოცნებას“ მოუწოდებს, შეწყვიტოს ორგანიზაციაზე თავდასხმები და ძალისხმევა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ მიმართოს

19/03/2021 11:03:53 სამართალი

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, შეწყვიტოს ორგანიზაციაზე თავდასხმები და ძალისხმევა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ მიმართოს.

„კატეგორიულად მიუღებელია მმართველი პარტიის თავმჯდომარის განუწყვეტელი მცდელობა, უსაფუძვლო ბრალდებებით დააზიანოს ორგანიზაციის რეპუტაცია. აღნიშნული მიზნად ისახავს „სამართლიან არჩევნებზე“ ზეწოლას, ორგანიზაციის საქმიანობის პარალიზებას და ემსახურება არჩევნების დაკვირვების იდეის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ამგვარი რიტორიკა არ არის შემთხვევითი და სახელმწიფოს წინაშე მდგარი მწვავე პრობლემების გადაჭრის ნაცვლად, საზოგადოების ყურადღებას არასწორ მხარეს მიმართავს.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ არაერთხელ განმარტა და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ხმების პარალელურ დათვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია ბოლო 18 წლის განმავლობაში ახორციელებს ხმების პარალელურ დათვლას მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. პროცესი სრულიად დამოუკიდებელია და დაცულია ნებისმიერი პოლიტიკური ზეგავლენისგან. ამაზე მეტყველებს, წლების განმავლობაში, საზოგადოების მიერ გამოხატული ნდობა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა.

მიუღებელია, ხმების პარალელური დათვლის შედეგების დროს დაშვებული ტექნიკური შეცდომის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია. გამოვლენილ ხარვეზზე სამართლიანი არჩევნების მიერ პასუხისმგებლობის აღების უმაღლეს სტანდარტს წარმოადგენდა მისი გასწორება და აღმასულებელი მენეჯმენტის ცვლილება“,- ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებაში.

ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ხმების პარალელური დათვლის (PVT) გაყალბების თაობაზე“ განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S