
ვალია ვანიშვილი - დათა პაპაზე: "არ დატოვო შენი სახლი, არსად წახვიდე, ქართველები დაგვეხმარებიანო"
19/03/2021 11:00:33 კონფლიქტები
"არ დატოვო შენი სახლი, არსად წახვიდე, ქართველები დაგვეხმარებიანო" - ვალია ვანიშვილის თქმით, ეს იყო ბოლოს სიტყვები, რაც ქმარმა, დათა ვანიშვილმა სიკვდილის წინ დაუბარა.
"ბოლო სიტყვები რაც მითხრა, არ დატოვო შენი სახლიო. არსად წახვიდე, სახლი არ წაგვართვანო. არ წახვიდე, ფეჩთან დაჯექი, ქართველები დაგვეხმარებიანო. როგორ დავტოვო ჩემი სახლi, ვიწვალეთ, ვიწვალეთ, ბევრჯერ მშიერი ვიყავით. მე რომ მიმიყვანა მიწის სახლი, ალიზის სახლს რომ ეძახიან, ის გვქონდა. მამაჩემი ეტყოდა, ეს რა სახლია, ჩემი გოგო რატომ წამოიყვანე აქაო. მერე დათამ მითხრა, ნუ გეშინია, მე ისეთ სახლს გავაკეთებო", – ჰყვება ვალია ვანიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 88 წლის დათა პაპა, რომელიც ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობდა დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა. მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ ვანიშვილს საკუთარი სახლი არ დაუტოვებია. მას მავთულხლართების მეორე მხრიდან უწევდა კომუნიკაცია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ პირებთან, მათ შორის არაერთი ქვეყნის პრეზიდენტსა და საერთაშორისო მისიის წარმომადგენელთან, რომლებიც ადგილზე სიტუაციის გასაცნობად ჩადიოდნენ.