
"გარდაიცვალა, თუმცა დაუმარცხებელი, დათა ვანიშვილი საბოლოოდ მიებარება ჩვენს მიწას, საიდანაც ოკუპაციამაც ვერ გააძევა"
19/03/2021 13:26:42 კონფლიქტები, პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხურვალეთელი დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო მუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ იგი ყველასთვის შეუგუებლობის და შეუპოვარი ბრძოლის მაგალითი იყო.
"იგი თავისი მაგალითით გვაჩვენებდა, რომ ყველა ადამიანს საკუთარი ღირსებით შეუძლია გაუმკლავდეს ყველაზე ძლიერ მტერს და არ დამარცხდეს. გარდაიცვალა, თუმცა დაუმარცხებელი, ის საბოლოოდ მიებარება ჩვენს მიწას, საიდანაც ოკუპაციამაც ვერ გააძევა. გვაჩვენებდა, რომ იმედი ყოველთვის ცოცხლობს. მან საქართველოს მოქალაქეობა არაფერში გაცვალა. მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და ყველა ქართველს, ვისაც ხვალინდელი გაერთიანების სჯერა. ასეთ ადამიანებზე იდგა და დგას ჩვენი ქვეყანა. ამ ადამიანების გამო და მათი მაგალითის გათვალისწინებით, უნდა შევძლოთ და მივაღწიოთ იმ პოლიტიკურ შერიგებას და ქვეყნის დაწყნარებას, რასაც ჩვენი საზოგადოება მოელის და იმსახურებს!", – ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, რომ 88 წლის დათა პაპა, რომელიც ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობდა დღეს, 19 მარტს გარდაიცვალა. მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ ვანიშვილს საკუთარი სახლი არ დაუტოვებია. მას მავთულხლართების მეორე მხრიდან უწევდა კომუნიკაცია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ პირებთან, მათ შორის არაერთი ქვეყნის პრეზიდენტსა და საერთაშორისო მისიის წარმომადგენელთან, რომლებიც ადგილზე სიტუაციის გასაცნობად ჩადიოდნენ.