19-03-2021 20:00:45 მულტიკულტურული საქართველო ,ანალიზი
აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ 11 მარტს მიმართეს პრემიერ–მინისტრს 21 მარტისთვის „კომენდანტის საათის“ მხოლოდ ერთი დღით გაუქმების თხოვნით, ვინაიდან რიტუალების ძირითადი ნაწილი, როგორიცაა კოცონის დანთება, ბაირამის მილოცვა, ბაირამის სუფრაზე დასწრება, ბავშვების მიერ ტკბილეულისთვის მეზობლების კართან ქუდის დაგდება, პოზიტიური ამბების გაზიარება და მოსმენა, ნაჩხუბრების შერიგება, წითელი კვერცხებით შეჯიბრი და ა.შ. საღამოს საათებში სრულდება, ხოლო საღამოს 9 საათისთვის დაწესებული გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა აღნიშნული რიტუალების სრულფასოვნად ჩატარებას ხელს უშლის.
„მიგვაჩნია, რომ არასწორი იქნებოდა, მხოლოდ ქვემო ქართლში, ან მხოლოდ, საქართველოს აზერბაიჯანელი თემისთვის ამ შეზღუდვის ერთი დღით გაუქმება, რადგანაც ჩვენთვის ეს დღესასწაული (და არც საქართველოს აზერბაიჯანელი თემი) კონკრეტული რეგიონით ან ვიწრო ეთნიკური ხაზებით არ არის შემოფარგლული. ჩვენ ამ დღესასწაულს ჩვენს ქართველ, სომეხ, მუსლიმ ქართველ, ქისტ, იეზიდ და სხვა მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ", - ამგვარად განმარტეს მიმართვის ავტორებმა მათ თხოვნის მთიანად ქვეყანაზე გავრცელების მოტივაცია.
მათ ესმით, რომ ეპიდემიასთან ბრძოლა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და პროცესში თავადაც შეაქვთ წვლილი:
„გულდასაწყვეტია, რომ 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემოღება სწორედ, რომ ნოვრუზის დღეს დაემთხვა (21 მარტი). „შესაბამისად, ჩვენმა თემმა ვერ შევძელით სადღესასწაულო განწყობის შექმნა და ამ დღესასწაულთან დაკავშირებული რიტუალების სრულფასოვანი შესრულება. არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, გვესმის, რომ შეზღუდვების შენარჩუნება და ვირუსთან ბრძოლის პროცესში მოსახლეობის მხრიდან სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის მხარდაჭერა და არსებული რეკომენდაციების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ საქართველოს აზერბაიჯანელი თემის ახალგაზრდები აქტიურად ვმუშაობთ, რათა მოსახლეობის ფართო მასებში ეპიდ- ვითარებასთან დაკავშირებული შეზღუდვები სრულფასოვნად დაცული იყოს".
რა პასუხი აქვს სახელმწიფოს?
ირკვევა, რომ სახელმწიფომ თხოვნა ბიუროკრატიულ სისტემაში „ჩაუშვა“: როგორც „აქცენტს“ სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა ეუბნება, მათ ოფიციალური ფორმით მიმართეს მთავრობის ადმინისტრაციას და მიიღეს პასუხი, რომ წერილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გადამისამართდა, „კომპეტენციის ფარგლებში მიიღეთ გადაწყვეტილებაო“. რაც, მსუბუქად რომ ვთქვათ, უცნაურია –აღნიშნული უწყება ცალსახად არაა უფლებამოსილი, მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება: პანდემიის პირობებში რა ტიპის შეზღუდვებით გავაგრძელებთ ცხოვრებას, იდეაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო წყვეტს. და იმის გათვალისწინებითაც, რომ უფლებრივი საკითხებით დაინტერესებული პირები რელიგიურ სააგენტოს ხშირად არაეფექტურობაში ამხელენ და ფასადურ სტრუქტურულ ერთეულად აღიქვამენ, რა სახის გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს მის კომპეტენენციის მიღმა არსებულ საკითხებთან მიმართებაში, არცთუ რთულად პროგნოზირებადი უნდა იყოს. თავად საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კი, ამ ეტაპზე „კომენდანტის საათი“ ნარჩუნდება ერთი დღის გამონაკლისით: 28 მარტს საფეხბურთო მატჩთან დაკავშირებით გადაადგილებაზე შეზღუდვა ღამის 12:00 საათამდე გადავადდება.
„ეს იყო არასერიოზული დამოკიდებულება და საკუთარი მოქალაქის უგულვებელყოფა! მისი უფლებების დარღვევა, რაც ჩვენთვის მორალურად ძალიან დიდი შეურაცხყოფაა!“,– ასე აფასებს სამოქალაქო აქტივისტი „აქცენტთან“ მთავრობის მიერ მოქალაქეთა თხოვნის არაუფლებამოსილ უწყებაში გადამისამართებას.
ბაირამოვა დისკრიმინაციულ მიდგომაზე ამახვილებს ყურადღებას:
„ზოგადად, როდესაც სახელმწიფო მოქალაქის თხოვნას ითვალისწინებს, ამას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ როდესაც მიდგომა დისკრიმინაციულია, ეს არის მიუღებელი, ეს არის პრობლემა: იგივე ახალ წელს, შობას, დაუშვეს გამონაკლისი მიუხედავად კოვიდინფიცირებულთა მძიმე სტატისტიკისა და პრობლემა ისაა, რომ მხოლოდ დომიმანტი რელიგიური ჯგუფის თხოვნა იყო დაკმაყოფილებული, რაც მიუთითებს, რომ საკუთარი სახელმწიფო დისკრიმინაციულად მიდგომას იყენებს!“,– ამბობს ბაირამოვა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შეახსენებს, რომ მას საქართველოს მოქალაქეობა თანასწორუფლებიან მდგომარეობაში აყენებს.
როგორია პრაქტიკა
25 დეკემბერს საქართველოში მცხოვრებ ქრისტიანთა ნაწილს შობის აღნიშვნა შეზღუდვების პირობებში მოუწიათ: კათოლიკე ეკლესიამ არ გაიზიარა მთავრობის მიერ შეთავაზებული „გამოსავალი“, 21:00 საათიდან გადაადგილების ნებართვის მისაღებად წირვაზე დასწრების მსურველთა პირადი მონაცემები გადაეცა შესაბამისი სამსახურებისთვის და კათოლიკურ ტაძრებში საშობაო მესა „კომენდანტის საათის“ დაწყებამდე – საღამოს 9 საათამდე შესრულდა.
„განა პიროვნებების მონაცემების მიწოდება არაა პირადი თავისუფლების შეზღუდვა?!“, -იკითხა ამასთან დაკავშირებით ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ.
კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების გამო, ქრისტეშობა ტრადიციული ღამისთევის გარეშე აღნიშნა ევანგელურ-ლუთერულმა ეკლესიამ. ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ღამის ღვთისმსახურებაში მხოლოდ სასულიერო პირები მონაწილეობდნენ.
7 იანვარს კი, როდესაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს შობის დღესასწაულს, დომინანტი რელიგიური თემისთვის გამონაკლისი იქნა დაშვებული: „კომენდანტის საათი“ ერთი დღით გაუქმდა. გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნა საახალწლო დღეებშიც და როგორც 18 მარტს გახდა ცნობილი, მოქალაქეები, რომლებიც 28 მარტს საქართველო-ესპანეთის მატჩს დაესწრებიან, გადაადგილების უფლების პრივილეგიით ღამის 12:00 საათამდე აჭიჭურვებიან.
„სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების მინიმუმ, 20%–ს საფრთხედ აღიქვამს“
დისკრიმინაციულ მიდგომაზე, სახელმწიფოს მიერ განსხვავებული რელიგიური და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების უსაფრთხოების პრიზაში ხედვაზე, რაც მოქალაქეებს ყოფს და არ აერთიანებს, ხელს უწყობს აგრესიას, სტიგმას, ხელს უშლის ინტეგრაციის პროცესს, აღრმავებს უნდობლობას მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის – არასამთარობო ორგანიზაციები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას. მაგრამ მაინც რატომ ენიჭება ამ გზას უპირატესობა ძალაუფლების მფლობელთა მხრიდან, რომლის წყაროც, მათ შორის, ჩვენს მიერ ხსენებული მოქალაქეებიც არიან?
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მუსლიმთა კავშირის“ ყოფილი თავმჯდმარე ტარიელ ნაკაიძე, რომელსაც უფლებრივ საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, არაკომპეტენტურობაზე ამახვილებს ყურადღებას:
„თავად ის ფაქტი, რომ სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეების ნაწილს უსაფრთხოების ჭრილში განიხილავს და მიმართავს ძალისმიერ მეთოდებს, სერიოზული ანტისახელმწიფობრივი და სახიფათო მიდგომა, მათ შორის, უსაფრთხოების კუთხითაც: საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ, 20% სხვადასხვა რელიგიურ–ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია. გამოდის, რომ სახელმწიფო საკუთარი მოსახლეობის 20%–ს პოტენციურ საფრთხედ აღიქვამს. მსგავსი არასწორი პოლიტიკა ბოლო პერიოდში განსაკუტრებით გამძაფრდა: პარლამენტმა საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები დიასპორის შინაარსში ღიად განიხილა და ამით დამოკიდებულებაც გამოხატა! სახელმწიფო სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებს პირველხარისხოვან მოქალაქეებად არ აღიქვამს, რაც ჩვენი შემდგომი განვითარებისთვის პრობლემატურია. რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება ამ ქვეყნის კულტურული და რელიგიური მოზაიკაა, რაც ქვეყანას ამდიდრებს და აძლევს შანსს, მაქსიმალურად განვითარდეს დემოკრატიული მიმართულებით. ამდენად, დამოკიდებულება ცალსახად არასწორია, მათ შორის, სამართლებრივი და დემოკრატიული თვალსაზრისით“.
ამასთან, ნაკაიძე იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ მთავრობამ აზერბაიჯანული თემის სამართლიანი თხოვნა რელიგიის საკითხთა სააგენტოში გადაამისამართა და ფაქტი მისთვის ორ რამეზე მეტყველებს:
„ჯერ ერთი, თავად აღნიშნული უწყებაა პრობლემატური – საბჭოთა კავშირის გადმონაშთია, მეორეც – არარელიგიური დღესასწაული განიხილება როგორც რელიგიური დღესასწაული, რაც მეტყველებს უვიცობასა და თავად მიდგომაზე“.
მისი დასკვნით, სახელმწიფოს მიერ არჩეული ძალისმიერი გზა ცალსახად უშედეგოა და მას ინტენსიური კრიტიკა სჭირდება საზოგადოების მხრიდან.
ნოვრუზის დღესასწაული
დღესასწაული გაზაფხულის მოსვლის, ბუნების განახლების პატივსაცემად ყოველწლიურად აღინიშნება. ტრადიციისამებრ, მზადდება ტკბილეული, ახარებენ ჯეჯილს, კვერცხებს ღებავენ. მომზადებულ ტკბილეულს სიმბოლური დატვირთვა აქვს. მაგალითად, ფახლავა ვარსკვლავების სიმბოლოა, ხოლო მისი ფენები, დედამიწის, ატმოსფეროს; შექერბურა მთვარის სიმბოლო გახლავთ, გოღალი კი - მზის.
დღესასწაულის პერიოდში მოქალაქეები დღეს ადრიანად იწყებენ, ერთმანეთს სიკეთეს უსურვებენ და ტკბილეულით უმასპინძლდებიან. მნიშვნელოვანია მაქსიმალური კეთილგანწყობა, ქველმოქმედება. მეტიც, ეს შერიგების და წყენის დავიწყების დროა.
ტრადიციის მიხედვით, სადღესასწაულო დღეებში, მეზობლები, ახლობლები ერთმანეთს უნაწილებენ ნოვრუზის „წილს“ – სპეციალურად მომზადებული ხონჩა სავსეა სადღესასწაულო ტკბილეულით, ჯეჯილით, სანთლებით.
როგორც კი მოსაღამოვდება, მოქალაქეები ერთად ღია სივრცეში იკრიბებიან, ანთებენ კოცონს, მხიარულობენ. ითვლება, რომ ცეცხლის ალი შთანთქავს ბოროტებას.
2010 წელს გაერომ 21 მარტი ნოვრუზ ბაირამის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. 2009 წელს ნოვრუზი შევიდა იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.