Accentnews.ge
ახალი მტკიცებულებები ზელიმხან ხანგოშვილის რუსული სპეცსამსახურების მიერ მკვლელობას ადასტურებს

ახალი მტკიცებულებები ზელიმხან ხანგოშვილის რუსული სპეცსამსახურების მიერ მკვლელობას ადასტურებს

19/03/2021 16:51:18 სამართალი

უკრაინელმა სამართალდამცველებმა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს, რომელიც მოწმობს, რომ მკვლელი "ვადიმ სოკოლოვი" რეალურად, რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ვადიმ კრასიკოვია.

ამის შესახებ ნათქვამია Bellingcat-ის, The Insider-ისა და Der Spiegel-ის ახალ საგამოძიებო მასალაში, რომელიც უკრაინის საგამოძიებო ორგანოების მონაცემებს ეყრდნობა.

როგორც გამომძიებელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, მიმოწერებს, ფლეშ-ბარათებსა და სხვა ნივთებს შორის სამართალდამცველებმა მიაკვლიეს ფოტოებს და მათზე გამოსახული პირი ვადიმ კრასიკოვად იქნა იდენტიფიცირებული.

ეს დასტურდება, მათ შორის, ქორწინების მოწმობითაც, რომელიც ფოტოებთან ერთად იპოვეს. აქაც გამოსახულია ადამიანი, რომელსაც ამჟამად ბერლინში ასამართლებენ. მის განმასხვავებელ ნიშნებს შორისაა ტატუ მარცხენა მხარზე.

ახალი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ “ვადიმ სოკოლოვი” მხოლოდ ყალბ საბუთებში ფიგურირებს, რომლებიც კრასიკოვზე რუსული დაზვერვის მიერ გერმანიის ტერიტორიაზე მკვლელობის ჩასადენად გაიცა.

The Insider-ის ვარაუდით, უკრაინის სამართალდამცველი ორგანოების ეს აღმოჩენა საკვანძო არგუმენტად იქცევა გერმანული პროკურატურისთვის.

შეგახსენებთ, რომ ბერლინში მოკლულ საქართველოს მოქალაქე კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა “სისხლიან და განსაკუთრებით საშიშ ბანდიტად” მოიხსენია.

«ეს ადამიანი აქტიურად მონაწილეობდა კავკასიის საბრძოლო მოქმედებებში სეპარატისტების მხარეს (…). ეს ადამიანი იყო ბოევიკი, თანაც ძალზე ხისტი და სისხლიანი. ჩვენ ის ძებნაში გვყავდა გამოცხადებული. მხოლოდ ერთ-ერთი “აქციის” დროს, რომელშიც მან მიიღო მონაწილეობა, ამ მკვლელს, ამ ბანდიტს 98 ადამიანი ჰყავდა მოკლული. ისვე გახლდათ მოსკოვის მეტროში ცნობილი ტერაქტის ორგანიზატორი” - განაცხადა პუტინმა.

პუტინის ბრალდებას ხანგოშვილმა 2016 წელს "აქცენტისთვის" მიცემულ ინტერვიუში უპასუხა:

არასდროს დამიმალავს, რომ რუსეთ–ჩეჩნეთის ომში ვიბრძოდი და ჩემი მეორე სამშობლოს ინტერესებს ვიცავდი. ამასთან, რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის დროს გავწიეთ ორგანიზება, შევკრიბეთ ქისტები და მზად ვიყავით საომრად. იქ, სადაც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ და ჩემი ქვეყნის ინტერესების დასაცავად შემიძლია ბრძოლა, ამას მომავალშიც გავაკეთებ, ბუნებრივია, ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე. შესაბამისად, მე მათი ინტერესების დამაბრკოლებელი ფიგურა არა, მაგრამ ჭანჭიკი მაინც ვარ. გარდა ამისა, კონკრეტული ადამიანების ლიკვიდაციისთვის გამოიყოფა თანხა და ეს მათთვის, ასე ვთქვათ, ფულის კეთების წყაროც არის. ამასთან, ქართველმა გამომძიებლებმა მითხრეს, თითქოს ბესლანის საქმესთან მქონია კავშირი. სისულელეა! დავიწყოთ იმით, რომ ამ ღონისძიების შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ მქონია და თავად ამბის თაობაზე ტელევიზიით შევიტყვე. თუ არ ვცდები, მაშინ აზერბაიჯანში ვიყავი, ზუსტად არ მახსოვს. ამ საქმესთან ჩემს კავშირს ვერაფრით დაადასტურებენ. ამასთან, თუ რუსულ მედიას გადაავლებთ თვალს, უამრავ რამეში მადანაშაულებენ, მათ შორის - ტერაქტების განხორციელებაშიც. ეს ტყუილია. ვერავინ დამიმტკიცებს, რომ ჩემს მიერ განხორციელებული რომელიმე ქმედების დროს თუნდაც ერთი სამოქალაქო პირი დაშავებულიყოს, არათუ დაღუპულიყოს! რაც შეეხება რუს სამხედროებს, ვიმეორებ, ჩეჩნეთის ომში ვიბრძიოდი. თავდასხმამდე მომაწოდეს ინფორმაცია, რუსები საქართველოში ნიადაგის მომაგრებას ცდილობენ და პოტენციური მოწინააღმდეგეების გაწმენდას შეეცდებიან, ამიტომ ფრთხილად იყავიო. ამისთვისაც არ მიმიქცევია თავის დროზე ყურადღება “.

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ცენტრში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბრალდებული რუსეთის მოქალაქე ვადიმ კრასიკოვია, რომელიც ამ დანაშაულის რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით ჩადენაშია ეჭვმიტანილი.

გერმანიის ფედერალურმა პროკურტურამ კრასიკოვს ბრალი სს კოდექსის 211-ე – მკვლელობის მუხლით წაუყენა. საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულია, რომ იგი დანაშაულს «ან ფინანსური გამორჩენის მიზნით სჩადიოდა, ან იზიარებდა დამკვეთების მოტივს – მოეკლათ პოლიტიკური ოპონენტი და ამ გზით შური ეძიათ წარსულში რუსეთთან კონფლიქტში მისი მონაწილეობის გამო».რუსეთის ხელისუფლება ამ თავდასხმასთან კავშირს უარყოფს. პრეზიდენტმა პუტინმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ხანგოშვილის სიკვდილი “ბანდიტური გარჩევების” შედეგი იყო. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება ხანგოშვილის გადაცემას ითხოვდა. თუმცა გერმანიის ხელისუფლებამ ეს უარყო.მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი ეჭვმიტანილი – რომან დ. Bellingcat-ის მონაცემებით, ის რომან დავიდოვია, თუმცა მისი გვარ-სახელიცა და მონაცემებიც გამოგონილია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S