
თბილისი – სირიაში აფხაზეთის "ელჩის" უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრებზე: "საოკუპაციო რეჟიმები ყველანაირ ხერხს მიმართავენ, შექმნან საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა მიერ მათთან კონტაქტების დამყარების იმიტაცია"
19/03/2021 17:58:30 კონფლიქტები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "საოკუპაციო რეჟიმები ყველანაირ ხერხს მიმართავენ, შექმნან საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა მიერ საოკუპაციო რეჟიმებთან კონტაქტების დამყარების იმიტაცია" და სწორედ ამის მორიგი მაგალითია სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ელჩის ბაგრატ ხუტაბას შეხვედრები უცხოელ დიპლომატებთან.
“საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ წლების განმავლობაში წარმოებული წარმატებული არაღიარების პოლიტიკა ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მხრიდან რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის ფაქტის დადგენა, ბუნებრივია, დიდ დისკომფორტს უქმნის რუსეთის ფედერაციას, რადგან იგი მოსკოვს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და იქ განხორციელებული ეთნიკური წმენდის გადაფარვის შესაძლებლობას არ აძლევს.
ამიტომ რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმები ყველანაირ ხერხს მიმართავენ, რათა შექმნან საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა მიერ საოკუპაციო რეჟიმებთან კონტაქტების დამყარების იმიტაცია. სქემა, რომლითაც ისინი მოქმედებენ, მარტივია: რუსეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე ისინი მონაწილე სტუმრებთან საუბრის გაბმას და ხელის ჩამორთმევას ცდილობენ, მოგვიანებით კი აღნიშნულს საერთაშორისო თანამშრომლობისა და კონტაქტების დამყარების ფაქტად ასაღებენ.
საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ დგას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის დაცვის სადარაჯოზე. ამის დასტურია სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება ისევე, როგორც გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, ნატოსა და ცალკეული სახელმწიფოების მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი აქტები, გადაწყვეტილებები, რეზოლუციები, განცხადებები თუ ანგარიშები”, – განუცხადეს "აქცენტს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყების ცნობით, 16 მარტს ხუტაბამ შეხვედრა გამართა პაკისტანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სირიაში საიდ მუჰამად ხანთან, მანამდე კი იგი იემენის ჰუსიტური მთავრობის ელჩს სირიაში აბდულა ალი საბრისა და ირან-სირიის სავაჭრო პალატის გენერალურ მდივანს ასღარ მირზაის შეხვდა.