უგულავა: "თუ არჩევნები არ დაინიშნება შეთანხმებით, დაინიშნება იძულებით"
20/03/2021 08:20:15 პოლიტიკა
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ოპოზიციას სურს, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, თუმცა, "ქართული ოცნება" შეთანხმებაზე უარს ამბობოს. მისი თქმით, "თუ არჩევნები არ დაინიშნება შეთანხმებით, დაინიშნება იძულებით".
"ჩვენ უნდა გავმოძრავდეთ, მთელი საქართველოს შეგნებული მოქალაქეები უნდა დავირაზმოთ ერთი იდეის ქვეშ, რაც ნიშნავს მოძრაობას საქართველოსთვის, ეს მოძრაობა არის თითოეული ადამიანი, რომელიც გამოდის გარეთ და აღარ ეგუება იმას, რაც ქვეყანაში ხდება. ჩავარდნილი მოლაპარაკებები არ არის ერთჯერადი რამ. ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ღიად უარი უთხრა დასავლეთს. ასეთ პირობებში საქართველოს სხვა გზა არ რჩება და რომც არ უნდოდეთ ვიღაცებს „ქართულ ოცნებაში“, ჩვენ გადავიხრებით იქით, საიდანაც საუკუნეების მანძილზე გამოვდივართ. ეს ადამიანი აუცილებლად წავა მშვიდობიანი არჩევნებით და ჩვენ გვინდა, რომ ეს არჩევნები დაინიშნოს შეთანხმებით, მაგრამ თუ ასე არ მოხდება, ეს არჩევნები დაინიშნება იძულებით, ხალხისგან, რომელიც გამოვა და იმოძრავებს თავის სოფელში, თავის ქალაქში, თავის ქუჩებზე, იქნება სრული პროტესტი და დაუმორჩილებლობა. ამას სჭირდება რამდენიმე თვე, ამას სჭირდება მომზადება. ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ სტრატეგიული მოთმინებით", - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, მომავალი ორი თვე იქნება უკომპრომისო:
"ეს ორი თვე იქნება უკომპრომისო, ძალიან ბევრი წინააღმდეგობა იქნება, მთელი სუს-ის „შნირობა“ გამოეყრება და სოფელ-სოფელ ჩვენს კვალზე ივლის, რომ ადამიანები შეაშინოს. მერწმუნეთ, შიშის მომენტი აღარ არის, შიში დაძლეულია. ამას ნახავს ხელისუფლება 15 მაისს, როდესაც სუს-ის დრონები ძრწოლას დაიწყებენ და კობახიძე შეეშვება ჩვენი თავების თვლას, იმიტომ, რომ ხალხი უფრო მეტი იქნება, ვიდრე მის თავზე თმა"
ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ "ვინაიდან "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციასთან მოლაპარაკები ჩააგდო, მათ შორის, არ გაითვალისწინა დასავლელი პარტნიორების მედიაცია, გადადიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე".
ენმ-ის წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ეს გულისხმობს რეგიონების მცხოვრებლებთან შეხვედრებს და საპროტესტო აქციებს.


