"ქართველი კაცის გასაკეთებელს სხვა ვერავინ გააკეთებს, თუ ივანიშვილი ვერ მიხვდება, რომ უნდა წავიდეს, მაშინ ის უნდა გავწიოთ ხვალინდელი დღისგან"
20/03/2021 08:40:23 პოლიტიკა
"რაც მალე მიხვდება ივანიშვილი რომ უნდა წავიდეს, მით უკეთესი, თუ ვერ მიხვდება, მაშინ ის უნდა გავწიოთ ხვალინდელი დღისგან", - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ თბილისში, საკანონმდებლო ორგანოსთან განაცხადა, სადაც ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.
„ოპოზიცია აცხადებს სამოქმედო გეგმას იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ქვეყანა. ჩვენ, ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მეგობრები შეეცდებიან ჩვენს დახმარებას, მაგრამ ქართველი კაცის, ქართველი მოქალაქის გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს. ამიტომ ჩვენ უნდა დავანახოთ დასავლელ მეგობრებს, რომ დიახ, არჩევნები გაყალბებულია, დიახ, არჩევნების შედეგებს არ ვეგუებით!. საქართველოს მოსახლეობამ, ადამიანებმა, რომლებსაც გვაქვს ღირსეული, მრავალსაუკუნოვანი წარსული, ადამიანები, რომლის წინაპრებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და ხმამაღლა უთხრან ივანიშვილს - საქართველო არ არის შენი ბოსტანი! ხმამაღლა უთხრან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს - დიახ, ჩვენ გვინდა ევროპული სტილის დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ერთი ადამიანის ჯიბეში არ არის პრეზიდენტის სავარძელი, პარლამენტი, პროკურატურა, სასამართლო და სახელმწიფო, სადაც პირველი პირი, პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის კი არა, აღმოჩნდა, რომ მისი შვილის ლაქიაა, მისი შვილის უკანონო დავალებებს ასრულებს. მას შემდეგ, რაც აქ მყოფი ადამიანები მოვივლით საქართველოს, უნდა გამოვიდეთ 15 მაისს და ბიძინა ივანიშვილს უნდა უთხრათ, რომ ის უნდა წავიდეს! ჩვენ აუცილებლად მშვიდობიანად გავისტუმრებთ რეჟიმს, რომელმაც საქართველო, ღირსეული და ამაყი ქვეყანა ერთი კაცის ბოსტნად აქცია. რაც მალე მიხვდება ივანიშვილი რომ უნდა წავიდეს, მით უკეთესი, თუ ვერ მიხვდება, მაშინ ის უნდა გავწიოთ ხვალინდელი დღისგან“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
ცნობისთვის: ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ "ვინაიდან "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციასთან მოლაპარაკები ჩააგდო, მათ შორის, არ გაითვალისწინა დასავლელი პარტნიორების მედიაცია, გადადიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე".
ენმ-ის წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ეს გულისხმობს რეგიონების მცხოვრებლებთან შეხვედრებს და საპროტესტო აქციებს.


