ევროკავშირმა რუსულ "სპუტნიკ V"-ზე უარი თქვა

22-03-2021 11:49:00 ევროპა

ევროკავშირი რუსულ კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინა "Спутник V"-ს არ საჭიროებს, - ამის შესახებ ევროკავშირის შიდა ბაზრის კომისიის ხელმძღვანელმა ტიერი ბრეტონმა განაცხადა.

მისივე თქმით, კოლექტიური იმუნიტეტის მისაღწევად ევროკავშირს უკვე დამტკიცებული ოთხი ვაქცინაც ეყოფა.

"ივნისამდე ევროკავშირის ქვეყნები ახალი ტიპის კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინების 300-350 მლნ დოზას მიიღებენ. ამგვარად, მაღალი ალბათობით, ივლისის შუა რიცხვებისთვის მთელს კონტინენტზე იმუნიტეტის მიღწევას შევძლებთ" - აღნიშნა ბრეტონმა.

ამავდორულად, მისი თქით, საჭიროების შემთხვევაში ევროკავშირი უნდა დაეხმაროს მოსკოვს ვაქცინის წარმოებაში, რადგან "რუსეთს ამ მხრივ პრობლემები ექმნება, მის მოქალაქეებს კი პრეპარატთან წვდომა გართულებული აქვთ".

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში 7 მილიონი აცრა განხორციელდა, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში.

4 მარტს სამედიცინო პრეპარატების ევროპულმა სააგენტომ რუსული "სპუტნიკ V"-ის სარეგისტრაციო დოსიეს გადამოწმება დაიწყო. ეს პირველი ნაბიჯია პროცესში, რომელიც შესაძლოა, მთელს ევროკავშირში მისი დამტკიცებით დასრულდეს.

15 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები "Спутник V"-ის წარმოებაზე ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში. გარდა ამისა, მან შვეიცარიულ Adienne Pharma & Biotech-თან შეთანხმება გააფორმა "Спутник V"-ის იტალიაში წარმოების თაობაზე. რუსული ვაქცინის წარმოების შესაძლებლობას განიხილავს ავსტრიაც. უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ვაქცინის მიღებას უკვე დასთანხმდნენ, ჩეხეთმა და ხორვატიამ კი მისით დაინტერესების შესახებ განაცხადეს.

თუმცა ევროკავშირის მიერ არდამტკიცებული რუსული ვაქცინის შესყიდვამ სლოვაკეთში სამთავრობო კრიზისი გამოიწვია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის გადაყენებით დასრულდა. გადადგომის მზაობა გამოთქვა პრემიერ-მინისტრმა იგორ მატოვიჩმაც.

მანამდე ევროკავშირის წარმომადგენლებმა რუსეთი უცხოური ვაქცინების სადისკრედიტაციო კამპანიის ორგანიზებაში დაადანაშაულეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები