
"სასანქციო რისკების შესამცირებლად რუსეთი და ჩინეთი დასავლური საგადახდო სისტემებისგან უნდა დისტანცირდნენ"
22/03/2021 08:17:46 მსოფლიო
საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის აზრით, სასანქციო რისკების შესამცირებლად რუსეთმა და ჩინეთმა უარი უნდა თქვან გადახდების დოლარში წარმოებასა და "დასავლეთის მიერ კონტროლირებად" საგადახდო სისტემებზე.
"აშშ-მა თავის ამოცანად რუსეთისა და ჩინეთის ტექნოლოგიური განვითარების შეფერხება გამოაცხადა. დასავლეთის მთავარი ინსტრუმენტი სანქციებია. ისინი კლასიკური დიპლომატიის გამოყენებას გადაეჩვივნენ, ულტიმატუმის ენით გვესაუბრებიან და ჩვენგან, როგორც ჩანს, "შეცდომების აღიარებასა" და მათი მოთხოვნების შესრულებას ელიან. ეს დიპლომატია არ არის" - განაცხადა ლავროვმა.
მარტის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამლვის გამო სანქციების შემოღების შესახებ განაცხადა. მათ მოქმედებას დაექვემდებარნენ რუსეთის რიგი მაღალჩინოსნები, მათ შორის - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსი ალექსანდრე ბორტნიკოვი. ამასთანავე, გახანრძლივდა ადრე შემოღებული აკრძალვა სახელმწიფო კრედიტების გამოყოფაზე და იმ პროდუქციის მიწოდებაზე, რომელიც შეიძლება, სამხედრო მიზნით იქნას გამოყენებული.
18 მარტს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ უახლოეს ხანებში ვაშინგტონი რუსეთის მიმართ ახალ შეზღუდვებს დააწესებს.