ზაქარეიშვილი: „გახარია ოპოზიციას კონკურენციას ვერ გაუწევს, უფრო „ქართულ ოცნებას“ გაყოფს“

22-03-2021 17:52:05 კომენტარი

პოლიტიკური სიტუაცია ჩიხშია და რაც მეტი მძიმეწონიანი პოლიტიკოსი იქნება პოლიტიკაში, მეტი არჩევანი ექნება საზოგადოებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია,– ასევე აფასებს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „აქცენტთან“ ექს–პრემიერ გიორგი გახარიას განცხადებას, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და რომ საზოგადოება ახლო მომავალში მეტ დეტალს შეიტყობს.

ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ გახარიას გამოჩენა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს გაამდიდრებს, თუმცა ის სახელისუფლებო გუნდის კონკურენტი უფრო იქნება, ვიდრე ოპოზიციის:

„გახარია ვერ შექმნის (არც სჭირდება) მესამე ცენტრის თუ მოძრობის შექმნა, თუმცა ესეც არ გამოირიცხება, მაგრამ მთავარი არაა. ვფიქრობ, გახარია დღევანდელ ოპოზიციას კონკურენციას ვერ გაუწევს და უფრო „ქართულ ოცნებას“ გაყოფს: ოპოზიციას თავისი ამომრჩეველი ჰყავს. ეს არჩევნებზე მკაფიოდ აჩვენეს პატარა პარტიებმა. მონოლითურად დარჩა ივანიშვილის, გახარიას სახის მატარებელი „ქართული ოცნება“, რომელმაც მიიწერა გამარჯვება. აი ამ მონოლითს ემუქრება ახლა დარღვევა: არჩევნებამდე „ქართულ ოცნებაში“ იყვნენ ივანიშვილი და გახარია, ახლა გახარია იქ აღარაა, ივანიშვილიც ვითომ წასულია, თუმცა წასული არაა და ჯერ ღიად არ ჩანს, ვის მხარესაა – ვისაც ამომრჩეველმა ხმა მისცა, ისინი „ქართულ ოცნებაში აღარ არიან. ამ ფონზე გახარიას უჩნდება შანსი, „ქართული ოცნებიდან“ ხმები „წამოიღოს“ და შესაძლოა, მეტი ხმაც კი აიღოს, თუ ივანიშვილი ამ პაექრობაში ღიად არ გამოჩნდება. ეს კიდე მეტად დააბნევს ამომრჩეველს“.

ზაქარეიშვილის დაკვირვებით, სადღეისოდ ივანიშვილის მთავარი ამოცანა პოლიტიკური სპექტრის არა ოპოზიციით, არამედ, „ქართული ოცნებით“ გაჯერების ხელშეწყობაა, ვინაიდან ცალკე აღებული კახა კალაძე, გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე მის წინააღმდეგ არ იმოქმედებენ:

„მას სწორედ ის სურს, რომ მისი ოჯახი, მისი მომავალი, ბიზნესი დაცული იყოს. ოპოზიცია კი ამის გარანტიას არ აძლევს. ამიტომ, ვფიქრობ, ის ხელს შეუწყობს, კონკურენცია „ქართული ოცნების“ კონტექსტში შეიქმნას, და ვინც გაიმარჯვებს, მას ექნება ძალაუფლება. ვფიქრობ, დაახლოებით ამგვარი დამოკიდებულება ექნება ივანიშვილს და ხელს არ შეუშლის გახარიას წარმატებას“.

ამ კონტექსტში ზაქარეიშვილს საინტერესოდ ეჩვენება დედაქალაქის მერ კახა კალაძის [კულუარებში არის საუბარი სახელისუფლებო გუნდთან მისი დაპირისპირების შესახებ – რედ.] და გიორგი გახარიას ტანდემი, რასაც ექს–სახელმწიფო მინისტრი შესაძლებლად მიიჩნევს:

„ეს სერიოზული დარტყმა იქნება დღევანდელი „ქართული ოცნებისთვის“. ამ შემთხვევაში ივანიშვილი ან უნდა გაჩუმდეს და ხალხს მისცეს შესაძლებლობა, ვინც სურს, აირჩიოს, ან რომელიმეს მხარე უნდა დაიჭიროს. და თუ არაპოპულარული კობახიძის უკან აღმოჩნდება, შესაძლოა, კიდევ მეტად გაიფუჭოს სახელი.

წარმოვიდგინოთ „ქართული ოცნებიდან“ სამი ძალა – გახარია, კობახიძე და კალაძე, რომლებიც ერთმანეთს ხმებს საშინლად გაუყოფენ, პირველ ადგილზე კი ენმ გავა. ამიტომ, უნდა შეიქმნას ორი ერთობა და ამ სამიდან ყველაზე რეალური სწორედ გახარია–კალაძის ერთობაა. შესაძლოა, სრულად წაართვან ხმები კობახიძის „ქართულ ოცნებას“. ივანიშვილს უყვარს გათვლები და წესით, მან ასეთ ერთობას უფრო უნდა დაუჭიროს მხარი, რადგან მეტად გარანტირებული იქნება. კალაძე და გახარია უფრო იპოვიან ოპოზიციასთან საერთო ენას, ვიდრე აგრესიული და რადიკალური კობახიძე, მით უმეტეს – ღარიბაშვილი“.

რაც შეეხება წარსულს, ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ გახარიამ, რომელიც თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგა და არ გაუგდიათ, პასუხი აგო:

გახარიამ საეჭვო ვითარებაში გადადგომით (იყო რისკი, „გავრილოვის ღამის“ ვარიანტი დამდგარიყო, რომელიც გახარიამ თავიდან აიცილა) გარკვეულწილად პასუხი გასცა მომავალ ოპონენტებს, რომლებმაც შესაძლოა, „გავრილოვის ღამე“ შეახსენონ. წარსულში ის უკვე ძლიერია, რადგან საკუთარი ნებით წავიდა, ფასი გადაიხადა, როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების წაგებით. რაკი გახარიამ დაბრუნება გადაწყვიტა, ვფიქრობ, პლუსები და მინუსები კარგად გათვალა. ასევე საინტერესოა, როგორ მოახდენს პოზიციონირებას“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები