„როგორ ფიქრობთ, მე შემხვდა პატიოსანი მოსამართლე?!“ – წულაია ოპოზიციონერ ლიდერებს აკრიტიკებს
22/03/2021 19:42:36 სამართალი
პოლიტიკოსი გოგი წულაია, რომელიც ამჟამად გლდანის ციხეში წინასწარი პატიმრობის რეჟიმში იმყოფება, საზოგადოებასა და ოპოზიციის ლიდერებს მხარდაჭერას სთხოვს. მისი სახელით წერილი წულაიას ფეისბუქ–გვერდზე გამოქვეყნდა.
ის თავს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის პირად პატიმრად მიიჩნევს
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უნდა ითქვას, რომ აქ მთავარი არის ჩემი შეცდომის და გულუბრყვილობის ამბავი, ზედმეტი ნდობის შედეგი, მაშინ როდესაც მაფრთხილებდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ყველა სფეროს წარმომადგენლები, ასე მარტივად არ უნდა წამოვგებოდი ამ პროვოკაციას, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არავისთვის ჩემი საქციელით ზიანი არ მიმიყენებია. „თუ გინდა მოწიინაღმდეგე გაანადგურო, მას დააბრალე ის, რასაც მთელი ცხოვრება ებრძვის“,– აღნიშნავს წულაია.
წულაია ოპოზიცონერ ლიდერებს აკრიტიკებს
„ახლა მივმართავ ოპოზიციის ლიდერებს, პოლიტიკოსებს, იმის შიშით, რომ თურმე ევროპასთან არ დაგასმინოთ ვინმემ, რომ ქალზე მოძალადეს უცხადებენ სოლიდარობასო, ერთი სიტყვაც არ დაგისველებიათ ჩემს მხარდაჭერისათვის, თუ კი ერთხმად ყველა ვთანხმდებით და ვამბობთ, რომ გიორგი რურუა არის პოლიტპატიმარი (გამარჯობა, გიორგი მალე ამომწევენ კორპუსზე და გნახავ), მას პოლიციამ მოუწყო პროვოკაცია და ჩაუდო იარაღი და ჩემს შემთხვევაში პოლიციელები იყვნენ „უპატიონსესები“ და ამ „პატიოსანმა“ პოლიციელებმა სრული დაცვით დამაპატიმრეს კი ბატონო, ეგრე იფიქრეთ.
ჩვენ ყველა ერთად ვყვირით, რომ საქართველოში სამართლიანი სასამართლო არ არსებობს და ამის გამო ნიკა მელია (გამარჯობა ნიკა) არის პოლიტპატიმარი. როგორ ფიქრობთ, მე შემხვდა პატიოსანი უმწიკვლო მოსამართლე და პატიოსნად გამასამართლა?
არ ვიცი, ეს რა ლოგიკააა და თუ ესე არ ფიქრობთ იქნებ მაღიაროთ ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად და ესეც გაიტანოთ ჩვენ მეგობრებთან, თუ როგორი კატასტროფული სიტუაცია არის ჩვენს ქვეყანაში, პოლიტპატიმრებს პირადი პატიმრებიც დაუმატეს. რა ვიცი, რა ვიცი. ჩემო მეგობრებო, ადამიანებო, რომლებსაც გიყვარვართ და მოგწონვართ, თუ ამ საქციელის გამო ჩემდამი პატივისცემა არ გაგნელებიათ და თვლით ამ პროვოკაციის და ჩემი შეცდომისთვის ციხეში 6 წლით (ასე მიპირებენ) გატარების ღირსი არ ვარ, გთხოვთ თქვენს მხარდაჭერას!", - წერს გოგი წულაია.
ცნობისთვის: წულაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


