
დათა ვანიშვილი სამოქალაქო თავდადების მედლით დაჯილდოვდება
23/03/2021 07:00:40 კონფლიქტები, საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ სამოქალაქო თავდადების მედლით დაჯილდოვდება. ინფორმაციას ორბელიანების სასახლის კომუნიკაციის პრესსამსახური ავრცელებს.
"დათა ვანიშვილის დაჯილდოების საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი გარდაცვალებისთანავე იქნა განხილული. პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ სამოქალაქო თავდადების მედლით დაჯილდოვდება. დაჯილდოების ცერემონია 9 აპრილს, ორბელიანების სასახლეში გაიმართება", - ნათქვამია განცხადებაში.
დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. იგი 22 მარტს ხურვალეთის ოკუპირებულ ნაწილში მოქცეულ სასაფლაოზე დაკრძალეს.
დათა ვანიშვილი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად მავთულხლართებს მიღმა დარჩა. მას საკუთარი სახლი არ დაუტოვებია. ვანიშვილს მავთულხლართების მეორე მხრიდან უწევდა კომუნიკაცია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ პირებთან, მათ შორის არაერთი ქვეყნის პრეზიდენტსა და საერთაშორისო მისიის წარმომადგენელთან, რომლებიც ადგილზე სიტუაციის გასაცნობად იმყოფებოდნენ.