
აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში დამატებით 13 პირის გადმოსვენება იგეგმება
23/03/2021 09:36:50 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთიდან დანარჩენ საქართველოში დამატებით 13 პირის გადმოსვენება იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილისა და "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" (ICRC) წარმომადგენლის უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში დანიელ მაკსუინის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
პრემიერ-მინისტრის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ICRC–ს, როგორც ნეიტრალური შუამავლის ძალისხმევის მნიშვნელობაზე, გამყოფი ხაზების ყველა მხარეს, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მათი ოჯახების დახმარების მიზნით მიმდინარე პროგრამების კუთხით.
"აქვე ხაზი გაესვა, რომ ICRC-ს გადამწყვეტი როლი აქვს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ძიებისა და მათი იდენტიფიცირების ეფექტური პროგრამის შემუშავების პროცესში. აღინიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, 550-ზე მეტი ადამიანის ნეშტი იქნა ნაპოვნი, მათგან 200-მდე იდენტიფიცირებულია და გადაცემულია მათი ოჯახებისთვის. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა რჩება ერთგული უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მათი ოჯახების დახმარების მიზნით მიმდინარე პროგრამების, ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდა ძალისხმევა და 2019 წელს შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომლის მიზანია აღნიშნულ პროცესში ჩართულ უწყებებს შორის კოორდინაციის გაზრდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას, "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში, სევერინ შაპაზი ესწრებოდა", – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.