Accentnews.ge
დაძაბულობა კარზე: ვინ უპირისპირდება კადიროვს?

დაძაბულობა კარზე: ვინ უპირისპირდება კადიროვს?

23/03/2021 13:11:03 კავკასია

კრემლსა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის მის მიერ ხელდასმულ ლიდერს რამზან კადიროვის ამასწინანდელმა საჯარო დისკუსიამ გააჩინა განცდა ერთგვარი დაძაბულობის თაობაზე: კადიროვმა პუტინის ხელისუფლებას ჩეჩნეთის ომი შეახსენა მას შემდეგ, რაც კრემლმა უარი განუცხადა ჩეჩნეთის ოდიოზურ ლიდერს, იგი "ჟურნალისტებისგან დაეცვა". თუმცა, კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე ფიქრობს, რომ მსგავსი დემარშები, მათ შორის, კადიროვის პოზიციონირებაც რუსულ ელიტურ წრეებში არსებულ ურთიერთდაპირისპირების კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

„კადიროვი დაპირისპირებულია კრემლის ელიტების ნაწილთან, განსაკუთრებით, ძალოვნებთან, მაგრამ ჰყავს მფარველებიც – თავად პუტინი, როსგვარდია, „როსნეფტი“ (სადაც წილი თავადაც აქვს). ამდენად, ჰყავს მოწინააღმდეგეები, თუმცა ლობიზმი საკმარისია იმისთვის, რომ მან ძალაუფლება შეინარჩუნოს და უსაფრთხოდ იყოს: კადიროვის ჩამოშორების თაობაზე კრემლში ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებული აზრი არ არსებობს“,– ამბობს „აქცენტთან“ კავკასიოლოგი.

რაც შეეხება უშუალოდ კადიროვს და მის როლს რუსული პოლიტიკის გატარებაში, კავკასიოლოგის ანალიზით, კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი ჩეჩნეთზე რუსეთის კონტროლს უზრუნველყოფს:

„ჩეჩნური საზოგადოების სპეციფიკიდან გამომდინარე, რუსეთიდან მაღალჩინოსანს ვერ დანიშნავენ, ისევე როგორც ეს დაღესტანში მოხდა; ვერც იმგვარი ფორმალური ლიდერი იქნება „წარმატებული, როგორიც იგივე ინგუშეთში დაინიშნა. ერთადერთი მოდელი, როგორ მართო ჩეჩნეთი, არის კადიროვის ბრუტალური რეჟიმი: მცირე კრიტიკის გამოც კი ადამიანებს დამამცირებელ გარემოებებში ახდევინებენ ბოდიშებს, ძალადობენ და ა.შ. სხვა მეთოდი არც კი განხილულა. თეორიულად რომც დავუშვათ, რომ კადიროვს შიდა, კარის გადატრიალება მოუწყონ, სისტემა არ შეიცვლება: კვლავ კადიროვის პოლიტიკის გამგრძელებელი დაინიშნება, ვინაიდან პოლიტიკური ველი აბსოლუტურად გაწმენდილია – ჩეჩნეთში ძალაუფლება კადიროვის ზონდერებზე დგას. მათგან ვირაც მეტად გავლენიანია, ვიღაც ნაკლებად. არჩევანიც მათ შორის გაკეთდება“.

რაც შეეხება კადიროვისა და მისი ლობისტების ურთიერთობას, კავკასიოლოგი „შავ საქმეებზე“, ფინანსურ კავშირებსა და შესაბამის ინტერესებზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა ამბობს იმასაც, კადიროვის მცდელობა, გაეზარდა საკუთარი გავლენა უკვე საგარეო პოლიტიკაში ჩართულობის კუთხითაც და გამხდარიყო რუსეთსა და ისლამურ სამყაროს შორის ერთგვარი ხიდი, კრახით დასრულდა:

„ისლამურ სამყაროში კადიროვს დაბალი ავტორიტეტი აქვს მის მიერ ჩადენილი სიმხეცეების გამო“,– ამბობს კავკასიოლოგი და იხსენებს ინციდენტს, როდესაც ეგვიპტის საფეხბურთო გუნდის ვარსკვლავი კადიროვთან გადაღებული „სელფის“ გამო ბულინგის მსხვერპლი გახდა.

„ისლამურ სამყაროში არსებობს ნარატივი, რომ იყო თავისუფალი ჩეჩნეთი, რომელიც რუსეთმა დაიპყრო და დანიშნა მონა კადიროვი, რომელიც სიმხეცეებს სჩადის თავისუფლებისმოყვარე, მათ შორის, რელიგიური ხალხის წინააღმდეგ“,– დასძენს კავკასიოლოგი.

რაც შეეხება კადიროვის დაპირისპირებას რუს ძალოვანებთან, კავკასიოლოგი რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ცნობილია, რომ კადიროვის გარემოცვის რიგი წევრები ჩეჩნეთის მეორე ომის დროს მათ წინააღმდეგ იბრძოდნენ; ამასთან, რუს სპეცსამსახურებს ავიწროებენ ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. მაგალითად, თუ ჩეჩენმა რუსეთის დანარჩენ ტერიტორიაზე დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ მან ჩეჩნეთში შესვლა მოასწრო, გამორიცხულია, გადასცენ. ჩეჩნეთში შეიძლება, ითქვამს, რომ ანტირუსული განწყობაა და მას ხელს თავად კადიროვიც უწყობს. პუტინს კი თვითდინებაზე ჰყავს მიშვებული, რადგან იცის, რომ კადიროვი საგარეო პოლიტიკაში საფრთხეს არ ქმნის, საფრთხეს არ ქმნის არც ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით, ამიტომაც, მსგავსი რეჟიმი მისთვის მისაღებია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S