ხმალაძე - მერიის თანამშრომლის დაკავებაზე: "არაა პირველი შემთხვევა, იმედია, უკანასკნელი იქნება"
23/03/2021 13:54:27 პოლიტიკა, სამართალი
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე სუს-ის მიერ კორუფციის ბრალდებით დაკავებული მერიის თანამშრომლის საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ "ეს არაა პირველი შემთხვევა".
"ეს არაა პირველი და იმედია უკანასკნელი იქნება. ამის მიუხედავად, ჩვენ კანონის სადარაჯოზე ვართ. მინდა, მთელი ჩვენი სისტემის თანამშრომლებს მივმართო თავის შეკავებისკენ, თუ ვინმეს ასეთი განზრახვა აქვს", - აცხადებს მერის მოადგილე.
დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულია თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი. უწყების თქმით, ბრალდებულმა მოქალაქეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში მშენებლობის მფარველობისა და ჯარიმისგან განთავისუფლების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 500 ლარი.


