რა თქვეს სენატში საქართველოზე – ძირითადი აქცენტები

24-03-2021 09:48:11 პოლიტიკა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტში საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენა გაიმართა. მოსმენა ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა მოიწვია. მომხსენებლებად მოწვეულ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში კარა მაკდონალდს და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტს შეკითხვები რესპუბლიკელმა და დემოკრატმა სენატორებმა დაუსვეს.

მზარდი ოლიგარქიული გავლენა მართლმსაჯულებაზე, პოლიტიკასა და მედიაზე; პოლიტიზებული სასამართლო; ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ მედიაზე; სასამართლო სისტემაში მმართველი პარტიის დომინანტობა; საქართველოსთვის დახმარების მიცემაზე პირობების შესაძლო დაწესება; საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაძლო დაზიანება; ენმ–ის ლიდერის ნიკა მელიას დაკავება; მოწოდებები ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიმართ, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე – ეს ის ძირითადი აქცენტებია, რაზეც ამერიკელმა სენატორებმა აშშ–ის სენატში გამართულ მოსმენაზე ყურადღება გაამახვილეს.

მზარდი ოლიგარქიული გავლენა მართლმსაჯულებაზე, პოლიტიკასა და მედიაზე

მოსმენაზე სენატორმა ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ "ახლა საქართველოში იზრდება ოლიგარქიული გავლენა მართლმსაჯულებაზე, პოლიტიკასა და მედიაზე":

"სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაა. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან საქართველო უკეთესს იმსახურებს. ახლა რაც ხდება, ეს ზრდის ოლიგარქიულ გავლენას მართლმსაჯულებაზე, მედიასა და პოლიტიკური ცხოვრების არსებით ნაწილზე. პოლიტიკურმა პარტიებმა და მათმა ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ საკუთარი მოვალეობა ქვეყნის წინაშე და განალახონ არსებული უთანხმოებები".

საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაძლო დაზიანება

სენატორმა ჯიმ რიშმა აღნიშნა, რომ "თუ დემოკრატიამ ახლა არ იმუშავა, საქართველო დაკარგავს შესაძლებლობას, შეუერთდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს":

"საქართველოსთვის ახლა კრიტიკული მომენტია. თუ ის ვერ შეძლებს დემოკრატიის ამუშავებას ახლა, მაშინ არ ვიცი როდის შეძლება ამას. საქართველო დაკარგავს შესაძლებლობას შეუერთდეს ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მოილაპარაკონ და დაასრულონ კრიზისი და შეთანხმდნენ საჭირო რეფორმებზე, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს მომავალს“.

საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება ჯორჯ კენტმაც:

"ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ ნება, რათა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი. პასუხისმგებლობა წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც მხოლოდ მათ ეკისრებათ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების ვერმიღწევა საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს".

საქართველოსთვის დახმარების მიცემაზე პირობების შესაძლო დაწესება

შესაბამისი კითხვის ავტორი სენატორი ჯიმ რიშია. როგორც მან მოსმენაზე განაცხადა, იგი ამ საკითხზე ფიქრობს.

"ამაზე იმიტომ ვფიქრობ, რომ წინა წინაპირობამ როგორც ჩანს, დიდად ვითარება ვერ შეცვალა. იქნებ შემდეგ ჯერზე წინაპირობა უფრო ძლიერი უნდა იყოს", – განაცხადა რიშმა.

ენმ–ის ლიდერის ნიკა მელიას დაკავება

ჯორჯ კენტის შეფასებით, ნიკა მელიას დაკავება ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იყო

"ნიკა მელიას დაკავებამ საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. ვერც ხელისუფლებამ და ვერც ოპოზიციამაც ვერ იმოქმედეს სიტუაციის განსამუხტად.ეს წარმოადგენს გადამწყვეტ მომენტს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. როგორც საქართველოს მოკავშირემ და მეგობარმა, შეერთებულმა შტატებმა გულწრფელად უნდა ისაუბროს მაშინ, როდესაც ქართველი ლიდერები, განსაკუთრებით, მმართველი პარტიიდან, ქართველი ხალხის მიერ არჩეული გზიდან გადახვევას იწყებენ", – განაცხადა კენტმა.

​მოგვიანებით, მან დასძინა, რომ "მელიამ დაარღვია გათავისუფლების პირობები და მოიხსნა სამაჯური, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, უდანაშაულო არავინაა":

"ბევრი მიიჩნევდა, რომ მელიას დაკავება იქნებოდა შოკი პოლიტიკური კულტურისთვის, სამწუხაროდ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის შიში გამართლდა. მელიამ დაარღვია მისი გათავისუფლების პირობები და მოიხსნა ელექტორონული სამაჯური. საკითხი ეხება ყველა პოლიტიკური ლიდერის მიერ კანონის უზენაესობის დაცვის აუცილებლობას, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში უდანაშაულო არავინაა, მაგრამ ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს ინტერესი, იპოვონ გზა წინ წასაწევად, როგორც ეს მათ გააკეთეს შარშან, ვგულისხმობ 8 მარტის შეთანხმებას, რამაც ხელი შეუწყო არჩევნების ჩატარებას შეცვლილი პირობებით, რომელზეც ყველა შეთანხმდა. ასე რომ, საჭიროა წესებზე შეთანხმება და ამ წესების დაცვა".

პოლიტიზებული სასამართლო; სასამართლო სისტემაში მმართველი პარტიის დომინანტობა

კარა მაკდონალდმა განაცხადა, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა პოლიტიზირებულია და სასამართლო სისტემაში მმართველი პარტიის დომინანტობა მოიცავს გავლენიანი მოსამართლეების მხრიდან სხვა მოსამართლეებზე შეუსაბამო გავლენას:

"​სასამართლოს პოლიტიზირება და ფართოდ მიჩნეული პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო დევნა ასევე უწყობს ხელს დემოკრატიულ მოწყვლადობას და ამცირებს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობას. სასამართლო სისტემაში მმართველი პარტიის დომინანტობა მოიცავს გავლენიანი მოსამართლეების მხრიდან სხვა მოსამართლეებზე შეუსაბამო გავლენას და დისციპლინარული, დაწინაურების და დანიშვნის სისტემის გამოყენებას მოსამართლეებზე გავლენის მოსახდენად. ჩვენ მოვუწოდებთ სასამართლო რეფორმისკენ და ჩვენი დახმარება მხარს უჭერს დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და ხალხზე ორიენტირებული სასამართლო სისტემის განვითარებას".

ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ მედიაზე

კარა მაკდონალდის შეფასებით, საქართველოში ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ მედიაზე ზეწოლა მიმდინარეობს:

„ბოლოს, მინდა ვისაუბრო სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ მედიაზე ზეწოლის შესახებ. ეს არის დემოკრატიის მნიშვნელოვანი ელემენტები. საქართველო განიცდის სამოქალაქო საზოგადოების პატივსაცემი ლიდერების მიმართ მმართველი პარტიის მხრიდან ქცევის მნიშვნელოვან გაუარესებას. როგორც შიდა, ისე გარე დეზინფორმაცია აძლიერებს საზოგადოების დაყოფას. აშშ მხარს უჭერს დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიის გაძლიერებისკენ მიმართულ პროგრამებს და ებრძვის დეზინფორმაციას მედიაკამპანიების, მედიაწიგნიერების გზით და საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებით, დაიცვას საკუთარი საინფორმაციო სივრცე. მოწყვლადობები, რომლებიც ჩამოვთვალე, რუსეთის ინტერესებს უწყობს ხელს და კარს უღებს სხვა გავლენებს, რომლებიც საზიანოა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის".

მოწოდებები ოპოზიციასა და ხელისუფლებას: "ყოველი დღე, როცა საქართველოს პარლამენტში ადგილები ცარიელია, ქართველი ხალხისთვის საზიანო და რუსეთისთვის გამარჯვებაა"

სენატორი ჯინ შაჰინი ოპოზიციასა და ხელისუფლებას მოუწოდებს, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

"დღეს მოვუწოდებ ყველა მხარეს, გვერდზე გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და იფიქრონ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაზე", – განაცხადა შაჰინმა.

მისივე თქმით, "ყოველი დღე, როცა საქართველოს პარლამენტში ადგილები ცარიელია, ქართველი ხალხისთვის საზიანო და რუსეთისთვის გამარჯვებაა":

"უმნიშვნელოვანესია, მთავრობამ გადადგას ნაბიჯები, რომ უზრუნველყოფილი იყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და იმუშავოს ყველა ოპოზიცურ პარტიასთან, რათა კრიზისიდან გამოსავალი დიალოგის გზით იპოვონ. ერთადერთი მხარე ვინც დღეს საქართველოში შექმნილი ვითარებით გამარჯვებულია რუსეთია. ყოველი დღე, როცა ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან, გამარჯვებაა რუსეთისთვის. ყოველდღე როცა საქართველოს პარლამენტში ადგილები ცარიელია, ქართველი ხალხისთვის საზიანო და რუსეთისთვის გამარჯვებაა. მოვუწოდებ ორივე მხარეს, გვერდზე გადადონ პოლიტიკური ამბიციები და გადადგან ნაბიჯები საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად".

როგორც ჯორჯ კენტმა აღნიშნა, "სამწუხაროდ, ოპოზიციის უმრავლესობამ ბოიკოტი გამოუცხადა ახალ პარლამენტს, მიუხედავად იმისა, რომ კვლევების მხიედვით, ქართველების უმატესობას, ვინც ხმა მისცა ოპოზიციას, სურს, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაიკავონ საკუთარი ადგილები პარლამენტში".

მოსმენაზე კარა მაგდონალდმა განაცხადა, რომ პარტიები უნდა თანხმდებოდნენ და ზრუნავდნენ იმ საკითხების მოგვარებაზე, რომლებიც მათ ამომრჩევლებს აღელვებთ.

გარდა ამისა, ჯორჯ კენტმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზისადმი ერთგულება შეინარჩუნა".

ამასთან, სენატორებმა აღნიშნეს, რომ საქართველოში 2020 წელს გამართული საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შეფასებულია, როგორც კონკურენტუნარიანი, მაგრამ მათი თქმით, "თუმცა საკმარისი არ არის იმგვარი არჩევნების ჩატარება, რომელიც ლეგიტიმურობის მიჯნაზეა".

მოსმენაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ სენატმა შესაძლოა, საქართველოში კრიზისთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღოს. კერძოდ, მოსმენაზე სენატორებმა ერთ-ერთ საკითხად განიხილეს, დამატებით რა შეიძლება, გააკეთოს აშშ-მა მიმდინარე კრიზისში საქართველოს დასახმარებლად. სენატორმა რონ ჯონსონმა წამოაყენა წინადადება, რომ სენატმა მიიღოს რეზოლუცია, რათა პოლიტიკურმა პარტიებმა თავად და ერთიანი ძალებით გადაჭრან უთანხმოება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები