
სომხეთის პარლამენტმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გააუქმა
24/03/2021 08:23:32 კავკასია
სომხეთი პარლამენტმა გააუქმა საომარი მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში გასული წლის სექტემბრის ბოლოდან მოქმედებდა.
ოპოზიცია მის გაუქმებას ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბრიდან ითხოვდა, თუმცა ხელისუფლება ყოველ ჯერზე უარზე იყო. ამჯერად პროსახელისუფლებო ფრაქცია "ჩემმა ნაბიჯმა" ოპოზიციის ინიციატივას მხარი დაუჭირა.
მანამდე პრემიერ ნიკოლ ფაშინიანის კრიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ საომარი მდგომარეობის გაუქმებაზე ხელისუფლების უარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზანს უკავშირდებოდა: ამ რეჟიმის მოქმედების დროს ხომ მიტინგები იკრძალებოდა და არც მთავრობის იმპიჩმენტის პროცედურის ინიცირება იყო დაშვებული.
ოპოზიცია ფაშინიანს ომის წაგებაში ადანაშაულებს - ბაქომ ხომ 1990-იან წლებში დაკარგული ტერიტორიების დიდი ნაწილი დაიბრუნა. პრემიერის მხარდამჭერები კი აცხადებენ, რომ პასუხისმგებლობა ფაშინიანთან ერთად, ეკისრება თსამხედროებსა და ქვეყნის ყოფილ ხელმძღვანელობასაც, რომლებმაც სომხეთი ომისთვის სათანადოდ ვერ მოამზადეს.
ცნობისთვის: მარტში, მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე ფაშინიანი ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას დასთანხმდა. ისინი ივნისში უნდა გაიმართოს.