ჩრდილოეთ ოსეთში დეპუტატი მოკლეს

24-03-2021 15:50:05 კავკასია

ჩრდილოეთ ოსეთის (რუსეთის ფედერაცია) პრეობრაჟენსკის რაიონში ბესლანის საქალაქო საკრებულოს დეპუტატ თამერლან ტორჩინოვის ცხედარი იპოვეს.

როგორც "Кавказ.Реалии"-ს რაიონული საკრებულოდან წყარომ აცნობა, ცხედარი, რომელსაც ძალადობის კვალი აღენიშნება, ქალაქ ბესლანის სიახლოვეს, ფარნის დასახლების გამწმენდი ნაგებობების მიდამოებში იყო გადამალული.

სიკვდილის მიზეზების დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, მკვლელობა შესაძლოა, უკავშირდებოდეს სხვა გახმაურებულ დანაშაულს - 2013 წელს ბესლანში ბიზნესმენ ალან ტორჩიევის დაკრძალვის მონაწილეთა ჩაცხრილვას, რომლის დაკვეთაში რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი ასლან (ჯაყო) გაგიევია ეჭვმიტანილი. საგამოძიებო ორგანოების ვერსიით, ამ დაჯგუფების წევრები ალან ტორჩიევის ძმის მოკვლას ცდილობდნენ, თუმცა დაღუპულებს შორის აღმოჩნდა ორი შემთხვევითი პირიც - ასლან ტორჩინოვი და ალბეგ ფილიევი, კიდევ ორმა კი სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიიღო.

მანამდე საგამოძიებო ორგანოებს საქმე გატაცების ფაქტზე ჰქონდათ აღძრული. თამერლან ტორჩინოვი 23 მარტს ბესლანის სიახლოვეს მდებარე იპოდრომზე სეირნობისას გაიტაცეს. მის მანქანაში, მძღოლის სავარძლის მიდამოებში სისხლის კვალი აღმოაჩინეს.

წარსულში ტორჩინოვი აეროპორტ "ვლადიკავკაზს" მართავდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები