თურქეთში მოკლული ქალის მეგობარი: "თეოს ქმარი დააკავეს, ცოლის მკვლელობას ედავებიან"
24/03/2021 11:46:17 სამართალი
თურქეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის თეო თუაშვილის მეგობარი მარიკა სონღულაშვილი აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით თუაშვილის ქმარი დააკავეს.
"ქმარი, რომელიც პაკისტანის მოქალაქეა დაკავებულია. ეს ინფორმაცია მეგობრებისგან ვიცი და არა პოლიციისგან. მას ცოლის მკვლელობა ედება ბრალად. იმ უბედურ შემთხვევამდე ერთი საათით ადრე მითხრა, რომ ძალიან ცუდ სიტუაციაში იყო, ქმართან სიტუაცია ჰქონდა დაძაბული, უნდა დაეტოვებინა და რაც შეიძლება მალე წამოსულიყო. მე მას შევთავაზე, პატარა ჩანთა გაემზადებინა და ისე გამოვაცილებდი იქაურობას, ვერავინ მიხვდებოდა, მაგრამ ეტყობა, არ დააცადეს. სხვა ვერსიას ვერ დავუშვებ, ვიცი, რომ ქმართან ჰქონდა პრობლემა", - აცხადებს მარიკა სონღულაშვილი.
ოჯახისთვის ცნობილი ერთადერთი ვერსია კი დაყაჩაღებაა. მოკლულის ბიძა ავთო თუაშვილი აღნიშნავს, რომ წყვილს შორის კონფლიქტის შესახებ ოჯახისთვის ცნობილი არაფერი ყოფილა. მისი თქმით, მომხდარის შესახებ თურქეთის საელჩოსგან შეიტყვეს.
"შსს-ც გვეხმარება, საელჩოც გვეხმარება. არანაირი ვერსია არ არის იმის გარდა, რომ დაყაჩაღება მოხდა", - აცხადებს ავთო თუაშვილი.
წარუდგინეს თუ არა ბრალი მოკლულის ქმარს საქმესთან დაკავშირებით, ოფიციალურად ცნობილი არ არის.
როგორც თურქული მედია წერს, თეო თუაშვილს და მის ქმარს სტამბოლში, საკუთარ ბინაში გუშინ გაუსწორდნენ, თუაშვილი გარდაიცვალა, მისი ქმარი ჰოსპიტალიზებულია.


