
ოფიციალური ერევანი: "საქართველოსთან სახმელეთო საზღვრის გახსნის საკითხზე აქტიური ორმხრივი მუშაობა მიდის"
24/03/2021 17:07:28 კავკასია
სომხეთის საარეო საქმეთა მინისტრმა არა აივაზიანმა ქვეყნის პარლამენტს საქართველოსთან სახმელეთო საზღვრის გასახსნელად გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
"ჩვენ აქტიურ კონტაქტში ვართ ქართულ მხარესთან. გასულ კვირას გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე. განხილულ იქნა ორმხრივი დღის წესრიგის საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის - ეს თემაც, რომელიც გაინტერესებთ. ორივე მხარე პოზიტიურადაა განწყობილი საკითხის გადასაჭრელად", - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, პანდემიამ პრობლემის გადაჭრა შეაფერხა, თუმცა გარკვეული ტექნიკური საკითხები სწრაფად მოგვარებადია.
"ვიმედოვნებ, საკითხს უახლოეს მომავალში გადავჭრით" - დასძინა სომეხმა მინისტრმა.
სომხეთის, ასევე რუსეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ყაზახეთისა და უკრაინის მოქალაქეები 1 მარტიდან საქართველოში კოვიდ-უარყოფითობის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე შემოდიან. თუმცა აქ საუბარია ავიატრანსპორტით შემოსვლაზე. სახმელეთო გადასასვლელები კი საერთაშორისო მოგზაურებისთვის ამ დრომდე დახურულია.