
თათრეთში ბავშვებმა სკოლა მუხლმოდრეკით ითხოვეს
25/03/2021 10:31:04 მსოფლიო
რაიონების ცუდი სატრანსპორტო წვდომის გამო თათრეთში (რუსეთი) მშობლები წლობით იძულებულები არიან, ბავშვები გაკვეთილებზე ჯგუფ-ჯგუფად ატარონ. მოსახლეობამ პრობლემის გადაჭრის თხოვნით ამჯერად რესპუბლიკის პრეზიდენტ რუსტამ მინნიხანოვს მიმართა.
"ორი დასახლების მაცხოვრებლები სასოწარკვეთილებამდე ვართ მისულები: საშველი აღარ არის ბიუროკრატიისა და ადმინისტრაციის მიერ დანაპირების მუდმივი შეუსრულებლობისგან", — ნათქვამია ტექსტში, რომელსაც მოსახლეობამ ვიდეო დაურთო: მუხლმოდრეკილმა მოსწავლეებმა თოვლზე სიტყვა "სკოლა" გამოსახეს.
სოცქსელში ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ თათრეთის პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ "მსგავს აქციებში ბავშვების ჩაბმა დაუშვებელია" და იმის დასადგენად, დაარღვიეს თუ არა მშობლებმა ამით კანონი, მოკვლევა ჩატარდება.
ყაზანის სიახლოვეს მდებარე დაბები უკვე წლებია, სკოლების, ბაღებისა და საავადმყოფოების მშენებლობის მიღწევას უშედეგოდ ცდილობენ. მარტის დასაწყისში ანალოგიური აქცია სხვა დაბის წარმომადგენლებმა გამართეს.