გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს ამნისტია შეეხო
26/03/2021 07:03:30 სამართალი
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობისა და სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანების ეპიზოდზე ბრალდებული სამი პირის: ირაკლი წაქაძის, საბა გოგშელიძისა და საბა ჩხარტიშვილს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა.
სამივე პირს ამნისტია შეეხო.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულების ეპიზოდში დაზარალებულად ცნობილი ვახტანგ ჩიქოვანის სიტყვიერ თანხმობას ელოდებოდნენ, ჩიქოვანის თანხმობის შემდეგ კი მოსამართლემ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოცხადების დროს განმარტა, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტასთან ერთად, ბრალდებულებს დაუბრუნდეთ გირაოს თანხები, რის საფუძველზეც პატიმრობიდან გასული წლის 11 იანვარს გათავისუფლდნენ.
საბა გოგშელიძე, საბა ჩხარტიშვილი და ირაკლი წაქაძე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან მალევე დააკავეს და გასული წლის 11 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მათ ბრალი აგარაკის ეპიზოდზე სსსკ-ის 120-ე და 126-ე მუხლებით ედებოდათ. ამ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულს, რაც ძალადობას და სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს, ბოლო ამნისტია შეეხო.


