პარტია, რომელიც არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რუსეთის ხელისუფლებას აფხაზეთის მიერთებას სთხოვს

26-03-2021 20:27:33 კონფლიქტები

ახალი რუსული პარტია, რომელიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, რუსეთისთვის აფხაზეთის მიერთების ინიციატივით ხელისუფლებისთვის აპირებს მიმართვას. ეს ერთ-ერთი საკვანძო პუნქტია პარტიის "სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის" პროგრამაში, რომელიც დღეს გამართულ ბრიფინფზე მისი ცენტრალური აპარატის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლაი ნოვიჩკოვმა წარმოადგინა.

«ჩვენს მანიფესტში პირდაპირ წერია, რომ დონბასი - ეს რუსეთია და რომ ყველა ტერიტორიას, რომელსაც რუსეთთან მიერთება სურს, ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რუსებმა კი - ჩვენმა თანამემამულეებმა უნდა მიიღონ სამშობლოს უფლება», – ციტირებს ნოვიჩკოვს РБК.

მისივე თქმით, "როცა ყარაბაღის მეორე ომი დაიწყო, პარტიის წარმომადგენლებმა არაღიარებული რესპუბლიკის მაცხოვრებლებს მიმართეს". «კონფლიქტის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის ერთადერთი გზა რუსეთთან მიერთებაა. ყველაფერი დანარჩენი - ეს სიმულაციაა», – აღნიშნა მან.

გამოცემა «Ведомости» კი ნიკოლაი სტარიკოვს ციტირებს, რომელიც პარტიაში ზახარ პრილეპინმა მიიყვანა. სტარიკოვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროგრამის ერთ-ერთი საკვანძო იდეა სწორედ «რუსეთის გაფართოებაა სადავო ტერიტორიების, მაგალითად აფხაზეთის მიერთებით».

იავრის ბოლოს "სამართლიანი რუსეთის" ლიდერმა სერგეი მირონოვმა, პარტიის "სიმართლისთვის" ხელმძღვანელმა ზახარ პრილეპინმა და პარტია "რუსეთის პატრიოტების" ხელმძღვანელმა გენადი სემიგინმა გაერთიანების შესახებ მანიფესტს მოაწერეს ხელი. თებერვალში გამართული ყრილობის შემდეგ გაერთიანებულმა პარტიამ «სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის» დაირქვა.

მირონოვი, პრილეპინი და სემიგინი სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის პარტიის კანდიდატთა ფედერალურ სამეულში შედიან.

გასული წლის ივლისში პრილეპინის პარტიამ საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა, რომელშიც გათვალისწინებულია წინადადება რეფერენდუმის გზით რუსეთისთვის კონფლიქტური ტერიტორიების, მათ შორის ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ასევე დნესტრისპირეთის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მიერთების თაობაზე.

საინტერესო დეტალი: "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირს", უკრაინის მიერ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებულ ახრა ავიძბას, რომელიც 4 მარტს სოხუმში "სახელმწიფო" გადატრიალების მზადების ბრალდებით დააკავეს, ზახარ პრილეპინის პარტიის ხელმძღვანელობაში ირჩევდნენ. ამაზე მეტყველებს სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში გავრცელებული დოკუმენტი:

ბიულეტენის თანახმად, ახრა ავიძბა სერგეი პუსკეპალისთან ერთად პარტიის თავმჯდომარის მოადგილეებად უნდა აერჩიათ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში აფხაზურმა ოპოზიციამ ღია გამოსვლები დაიწყო ასლან ბჟანიას დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ. ერთ-ერთ ძირითად მოტივად სახელდება ბჟანიას გუნდის ინიციატივა თბილისთან დიალოგისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ, რაც აფხაზურმა ოპოზიციამ "ეროვნული ინტერესების ღალატად" მონათლა. ახრა ავიძბას, რომელიც ოპოზიციის "დამრტყმელ ძალად" განიხილებოდა, 4 მარტს ბინაში ჩხრეკა ჩაუტარეს, დიდი რაოდენობით იარაღი, საბრძოლო მასალა აღმოუჩინეს, დააკავეს და ერთთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს.

მის დაკავებას აქტიურად აპროტესტებენ პუტინის პროექტ "რუსული სამყაროს" ოდიოზური წარმომადგენლები. თუმცა ოფიციალური მოსკოვი ამ მოვლენებისგან მოჩვენებით დისტანცირებას ცდილობს. სოხუმში რუსეთის ე.წ. საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომ "ახრა ავიძბას დაკავება აფხაზეთის შიდა საქმეა".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები