სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში აცხადებენ, რომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ექსპრტიზის დასკვნა დღეს ცნობილი არ გახდება
29/03/2021 08:34:10 სამართალი
სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ექსპრტიზის დასკვნა დღეს ცნობილი არ გახდება
"გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სხვადასხვა სახის კვლევები ამ დრომდე მიმდინარეობს, რომელიც არ დასრულებულა, შესაბამისად შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით ჯერ მზად არ არის. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ ყველა დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური და ამომწურავი პასუხები", - აღნიშნულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებდა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და რეგულირების სააგენტო ექთნის გარდაცვალებაზე დასკვნას 29 მარტს წარადგენდნენ. მისივე თქმით, „არსებობს გარკვეული წინასწარი ინფორმაცია, რომ პირდაპირ გამომწვევ მიზეზად შესაძლებელია, ვაქცინა არ დასახელდეს".
27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში შეუძლოდ გახდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.


