ადვოკატები მეგი ბაქრაძის ტელეფონში სამსახურეობრივ "ჩათში" არსებულ მიმოწერის დეტალებზე საუბრობენ
29/03/2021 08:13:43 სამართალი
ახალციხეში "ასტრაზენეკას" ვაქცინაცინით აცრის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატები ვახტანგ ბარამაშვილი და ნინო ამაღლობელი აცხადებენ, რომ გამოძიებას დღემდე არ ამოუღია მეგი ბაქრაძის ტელეფონი, რომელიც შესაძლოა, მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახდეს.
როგორც ადვოკატებმა მედიაცენტრ „მთავარში” დღევანდელ პრეს–კონფერენციაზე განაცხადეს, ტელეფონში არის კომუნიკაცია, რომლის ფარგლებში გარკვეული პირები აცხადებენ, რომ ექთნის გარდაცვალების შესახებ ზუსტ ინფორმაციას ფლობენ.
„მინდა გავაჟღერო ახალი მტკიცებულებების არსებობის შესახებ. ეს არის მეგის პირადი ტელეფონი, რომელიც გამოძიებას დღემდე არ ამოუღია. ამ ტელეფონში არსებობს კომუნიკაცია, რომლის ფარგლებში გარკვეული პირები აცხადებენ, რომ ზუსტ ინფორმაციას ფლობენ, თუ რატომ გარდაიცვალა მეგი და რა მოხდა რეალურად. კომუნიკაცია არის გარდაცვალების შემდეგ, სამსახურეობრივი "ჩათია". ძალიან ბევრი მესიჯი წაშლილია და შემდეგ არის მიწერილი, „ჩვენ ხომ მაინც ვიცით რეალურად რა მოხდა“. ამ ტელეფონს გამოძიებას დღეს გადავცემთ. გამოძიებამ უნდა შეისწავლოს ტელეფონიც, გამოკითხოს მოწმეებიც და დაადგინოს, რა მოხდა ზუსტად“, - განაცხადა ადვოკატმა.
გარდა ამისა, მისი თქმით, გამოძიებამ უნდა დაიწყოს მოკვლევა სამედიცინო დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბების ფაქტის შესახებ:
"რამდენიმე დღის წინ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტის იდენტიფიცირება მოხდა, რაც არის ვაქცინაციის ზუსტი დრო. ახალციხის კლინიკის მიერ შედგენილ ფორმა 100-ში ვაქცინაციის დროთ მითითებულია 12:00 სთ და 30 წუთი მაშინ, როდესაც რეალურად, ვაქცინაცია 12:00 სთ-სა და 13 წუთზე მოხდა. ფორმა 100-ის თანახმად, 20-25 წუთში მეგის ჩივილები გამოუვლინდა და ამ მომენტიდან 15 წუთში, 13 სთ-სა და 10 წთ-ზე მას გაეწია რეანიმატოლოგის მიერ დახმარება. ეს ფაქტობრივი უზუსტობა მთლიანად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამედიცინო დოკუმენტს და ასევე, ახალციხის კლინიკაში შედგენილ სამედიცინო ისტორიას. მიგვაჩნია, რომ გამოძიებამ უნდა დაიწყოს მოკვლევა სამედიცინო დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბების ფაქტის შესახებ“.
კიდევ ერთი ადვოკატი ნინო ამაღლობელი აცხადებს, რომ კლინიკა „იმედის“ ოთხი თანამშრომელი, რომლებიც ამასთანავე მეგი ბაქრაძის მეგობრები იყვნენ, ამბობენ, რომ მეგი კლინიკა „იმედში“ „პრაქტიკულად გარდაცვლილი იყო“.
ადვოკატის განცხადებით, კლინიკა „იმედის“ თანამშრომლებისა და მეგობრების მიმოწერა, მეგი ბაქრაძის ტელეფონში ინახება.
მისივე თქმით, მედპერსონალი ამბობს, რომ მეგი ბაქრაძის ვაქცინაციამდე არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, სავარაუდოდ, არ იძლეოდა აცრის გაკეთების საშუალებას:
„კლინიკა „იმედის“ ბავშვთა განყოფილების ოთხი თანამშრომელი, რომლებიც, ამასთანავე, მეგი ბაქრაძის მეგობრები იყვნენ, აკეთებენ განცხადებებს, რომ მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამებოდა ვაქცინაციას და აგრეთვე აკეთებენ განცხადებას, რომ მეგი ბაქრაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანამდე, პრაქტიკულად იყო გარდაცვლილი და მისი გადაყვანა კლინიკა „იმედიდან“ მოხდა, მხოლოდ და მხოლოდ, იმ მიზეზით, რომ კლინიკა „იმედს“ არ დაბრალებოდა მეგი ბაქრაძის გარდაცვალება. არიან თუ არა გამოკითხულნი ეს მოწმეები, ჩვენ არ ვიცით, რადგან არ გვაქვს საქმის მასალები და საერთოდ არ ვიცით, ვინ არიან გამოკითხულნი ამ საქმეზე. ყველა ეს ინფორმაცია წარმოდგენილია მეგი ბაქრაძის ტელეფონში არსებულ მიმოწერაში [სამსახურებრივი „ჩატი“]. ისინი არიან ის პირები, ვინც შეესწრნენ მეგი ბაქრაძის მკურნალობის ყველა სტადიას, მას შემდეგ, რაც მეგის, სავარაუდოდ, განუვითარდა ანაფილაქსიური შოკი და თვლიან, რომ არ გაკეთდა საკმარისი მეგის გადასარჩენად“.
ცნობისთვის: ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და რეგულირების სააგენტო ექთნის გარდაცვალებაზე დასკვნას 29 მარტს წარადგენენ. მისივე თქმით, „არსებობს გარკვეული წინასწარი ინფორმაცია, რომ პირდაპირ გამომწვევ მიზეზად შესაძლებელია, ვაქცინა არ დასახელდეს".
27 წლის მედდა ახალციხის კლინიკა "იმედში" 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში შეუძლოდ გახდა. პაციენტი 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.


