„ვოლან-დე-მორტი“ ნავალნის მკურნალობის გარეშე ტოვებს

29-03-2021 16:58:26 ანალიზი

ავტორიტეტულმა რუსმა მედიკოსებმა რუსეთის მთავრობას ღია წერილით მიმართეს. ამ ეტაპზე, მიმართვას 20-ზე მეტი ნეიროქირურგი, ონკოლოგი, ქირურგი და თერაპევტი აწერს ხელს. ისინი ითხოვენ, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გაეწიოს, რადგან კოლონიაში მყოფი პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ღია წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ ტკივილები, რომლებიც ციხეში მყოფ ნავალნის აქვს, შესაძლოა,„ნოვიჩოკით“ მოწამვლის შემდგომი გართულება აღმოჩნდეს ან დაუსრულებელი რეაბილიტაციით გამოწვეული პრობლემა. ექიმები წერენ, რომ სამედიცინო დახმარების გარეშე პაციენტის ასეთ მდგომარეობაში დატოვებამ შესაძლოა, სერიოზული გართულება გამოიწვიოს, მათ შორის, ქვედა კიდურების ფუნქციის ნაწილობრივი ან მთლიანი მოშლა.

წერილის ავტორების აზრით, ასეთი მოპყრობა არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევაა, არამედ – ადამიანის წამება. ისინი რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას სთხოვენ, ნავალნის ადეკვატური დახმარება გაეწიოს, რაც მასთან კომპეტენტური სამოქალაქო მედიკოსების დაშვებას და აუცილებელი კვლევების ჩატარებას გულისხმობს.

ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. მისმა იურისტებმა განაცხადეს, რომ პატიმარს ჯერ ზურგის ტკივილი, შემდეგ კი ფეხის ტკივილი დაეწყო. თავად პოლიტიკოსი საჯარო წერილში აცხადებს, რომ მას უკვე საწოლიდან ადგომა უჭირს, მარჯვენა ფეხში მგრძნობელობას კარგავს, ხოლო კოლონიის ადმინისტრაცია მის ჩივილებს ყურადღებას არ აქცევს.„როგორ ჩანს, „ავტოზაკებში“ მუდმივად მოკრუნჩხული ჯდომისგან ნერვი მაქვს მოყოლილი. აქამდე ამაზე ხმას არ ვიღებდი. უსიამოვნო, მაგრამ სასიკვდილო არ იყო, წესით, მკურნალობას დაექვემდებარებოდა. მაგრამ არ მკურნალობენ. როცა ეტაპით გადამიყვანეს, უკვე შევწუხდი და ყოველ დღე ვწერდი თხოვნებს – ალო, ძალიან მტკივა, ექიმი შემოუშვით ან წამალი მომეცით. მაგრამ არ მაძლევდნენ. ახლა კი უკვე საწოლიდან ადგომაც ძალიან, ძალიან მტკივნეული გახდა. ჩემს თხოვნებს იღებენ, მაგრამ არაფერს აკეთებენ. ერთი კვირის წინ ციხის ექიმმა გამსინჯა და ,,იბუპროფენის,, 2 აბი მომცა, მაგრამ დიაგნოზი არც კი ვიცი.“ ასევე აღსანიშნავია, რომ მას კოლონიაში ღამის განმავლობაში 8-ჯერ, საათში ერთხელ აღვიძებენ, ვიდეოკამერით იღებენ და ამგვარად მის ვითომ და ფიზიკურ მდგომარეობას ამოწმებენ. ძილის გარეშე ვრჩები და, ფაქტობრივად, ჩემ მიმართ უძილობით წამებას იყენებენ“, – წერს ნავალნი.

პოლიტიკურ ოპონენტებზე ყველა სახის ზეწოლა და ფსიქოლოგიური წნეხის გამოყენება კრემლისთვის არახალი ტაქტიკაა. საბჭოთა კავშირის მემკვიდრეს ასეთი არაადამიანური მოპყრობის დიდი სკოლა აქვს გავლილი. კრემლს არაერთი შეუპოვარი საზოგადო მოღვაწე, პოლიტიკოსი, დისიდენტი თუ ოპოზიციონერი გაუნადგურებია… ასე ექცევიან ყველას, ვინც შეწინააღმდეგება, გააკრიტიკებს, ხალხის ამხედრებას გაბედავს. ნავალნიმ კი გაბედა – ჯერ სიკვდილს დაუძვრა, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა. ის მაშინვე – „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. რუსეთის მოქალაქეების რეაქცია ამ დაკავებაზე 23 და 31 იანვარს გამოჩნდა – მთელი რუსეთის მასშტაბით, ნავალნის მხარდასაჭერი აქციები გაიმართა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 11 ათასზე მეტი ადამიანი იყო დაკავებული. 2 თებერვალს კი რუსულმა სასამართლომ „ივ როშე“-ს საქმეზე ნავალნის პირობითი პატიმრობა რეალურ მსჯავრზე შეუცვალა. ის ციხეში გაუშვეს, აბა, თავისუფლებაზე მყოფი და ქუჩებში მოსიარულე ალექსეი ნავალნი კრემლისთვის უკვე მეტისმეტად საშიში იქნებოდა. მისი სასამართლო პროცესის შემდეგ, ნავალნის თანაგუნდელებმა განაცხადეს, რომ დროებით წყვეტენ საყოველთაო მიტინგების ორგანიზებას. ლეონიდ ვოლკოვმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ რეგიონებში აქციების ორგანიზებას ახლა ვერავინ ახერხებს, რადგან ადგილობრივი კოორდინატორები დაპატიმრებულნი არიან. მისი თქმით, მცირე აქციების ყოველ კვირა გამართვა ქუჩის პროტესტით იმედგაცრუებას გამოიწვევდა.მიუხედავად იმისა, რომ ნავალნი ციხეში გამოკეტეს, ის მაინც ახერხებს იმაზე საუბარს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რუსეთი არსებული მმართველობისგან განთავისუფლდეს. ჩვეული ირონიითა და იუმორით ის ახერხებს, ისაუბროს იმაზე, თუ რატომ იბრძვის, რატომ არ უნდა იყოს ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტი, რამდენად უბედურია რუსი ხალხი კრემლის წნეხის ქვეშ და, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, ნავალნი საუბრობს ღმერთსა და საკუთარ რწმენაზეც. სასამართლოზე წარმოთქმულ ბოლო სიტყვაში მან არა მხოლოდ რუსეთის ბედზე ილაპარაკა, არამედ თავისი მომხრეების გამხნევებაც შეძლო:„ძირითადად, ადამიანები ათეისტები არიან, მეც ასეთი ვიყავი. მაგრამ ახლა მორწმუნე ვარ და ეს მეხმარება, რადგან ყველაფერი უფრო მარტივი გახდა. ნაკლებს ვორჭოფობ, ნაკლები დილემის წინაშე ვდგები – არის წიგნი, სადაც ყველაფერი მკაფიოდ წერია, რომელ სიტუაციაში რა უნდა გააკეთო. ამის მიხედვით ცხოვრება ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ მე ვცდილობ. ამიტომაც, პოლიტიკის კეთება ჩემთვის უფრო მარტივი ხდება.“

მან აქვე მოიყვანა სიტყვები მათეს სახარებიდან, რომელებიც, მისი თქმით, მას ყოველთვის ეხმარება – „ნეტარ არიან სიმართლეს მოშიებულ-მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან“. ის ამბობს, რომ ამ აღთქმას ყოველთვის აღიქვამდა, როგორც ინსტრუქციას და მართალია, ეს ფრაზა თანამედროვე ადამიანისთვის ზედმეტად მაღალფარდოვნად ჟღერს, მაგრამ მას თვითკმაყოფილება მოაქვს.ნავალნიმ იმავე სხდომაზე „ჰარი პოტერის“ პერსონაჟის სიტყვებიც მოიშველია. „ვოლან-დე-მორტისთვის მნიშვნელოვანი იყო, მის მტერს თავი მარტოსულად ეგრძნო, შესაბამისად, რუს ვოლან-დე-მორტსაც, რომელიც თავის სასახლეში ზის, უნდა, რომ მარტონი ვიყოთ… მთელი ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, უთხრას ადამიანებს – შენ მარტო ხარ, შენ გვერდით არავინაა. ჯერ დაშინებაა, მერე კი იმის ჩვენება, რომ მარტო ხარ.“

თუმცა, როგორც უკვე დავინახეთ, კრემლის ეს შეუპოვარი ოპონენტი მარტო არ არის. მას როგორც რუსეთში, ისევე ცივილიზებულ სამყაროშიც ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მართალია, მისი მხარდასაჭერი აქციები დროებით შეწყვეტილი იყო, მაგრამ რამდენიმე დღის წინ მისმა გუნდმა გაზაფხულზე დიდი საპროტესტო მოძრაობის დაწყება დააანონსა. მასშტაბური აქცია მაშინ გაიმართება, როცა ნახევარი მილიონი მონაწილე შეიკრიბება.

„ჩვენ უნდა დავიწყოთ ხალხის ინფორმირება და მომზადება, ხოლო თარიღს განვსაზღვრავთ მაშინ, როცა მიტინგის მონაწილეების რაოდენობა ნახევარ მილიონს მიაღწევს. რუსეთის 500 ათასი მოქალაქე, რომელიც ჩვენს კამპანიას შეუერთდება, მიტინგზე მოსასვლელად მზადყოფნას გამოაცხადებს და ამის შესახებ სხვებსაც შეატყობინებს“, – ნათქვამია ნავალნის თანაგუნდელების განცხადებაში.

პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის მომხრეებმა მოუწოდეს ყველას, ვინც ამ ღონისძიებაში მონაწილეობას აპირებს, უბრალოდ, წერტილი დასვას რუკაზე, რომელიც ნავალნის მხარდასაჭერ საიტზეა განთავსებული. საჭიროა ელექტრონული მისამართის დაფიქსირება და შესაბამისი ქალაქის მონიშვნა.

„მიტინგი, რომელშიც მონაწილეობას 500 ათასი ადამიანი მიიღებს, თანამედროვე რუსეთის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გახდება. რუკა წერტილებით გაივსება და ყველას, ვინც ამას გააკეთებს, ეცოდინება, რომ მარტო არ არის.“რას მოიმოქმედებს ამ მოვლენების საპასუხოდ რუსი „ვოლან-დე-მორტი“ – დატოვებს თუ არა საძულველ ოპონენტს სამედიცინო დახმარების, ძილის თუ მედიკამენტების გარეშე, ეცდება თუ არა – კიდევ ერთხელ მოუსწრაფოს სიცოცხლე და საყოველთაო პროტესტი ჩაახშოს, ამას უახლოეს მომავალში ვიხილავთ.

/რევაზ სიჭინავა

ახალი ამბები

სხვა სიახლეები