დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

30-03-2021 12:59:40 პოლიტიკა ,რეგიონები

ბათუმის საკრებულოში, სადაც ერთ-ერთი სასტუმროსთვის პლაჟის ნაწილის იჯარით გადაცემის საკითხს განიხილავენ, ხმაურია. საუბარია ცენტრალური ბულვარის გასწვრივ არსებული პლაჟის 3 380 კვ. მეტრზე, რომელსაც სასტუმრო „ლე მერიდიანი“ გრძელვადიანი იჯარით ითხოვს.

მოქალაქეები ტერიტორიის გადაცემას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ეს საჯარო სივრცის მისაკუთრებაა.

აქტივისტებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქალაქეები საშვების არ ქონის საბაბით, სხდომაზე არ შეუშვეს.

"ხელისუფლება ფიქრობს, რომ თვითონ წყვეტს ამ ქვეყანაში ყველაფერს. ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის შედეგად უნდა იქნეს მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული, რაც არ მომხდარა. ხედავთ როგორ ექცევიან მოქალაქეებს, პოლიციის გამოძახება დასჭირდათ საკრებულოს სხდომაზე, რომელიც არის ღია და რომელზე დასწრების უფლებაც აქვს თითოეულ მოქალაქეს", - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა მირდატ ქამადაძემ.

რაც შეეხება სასტუმროს პოზიციას, ისინი ამტკიცებენ, რომ მაღალი კლასის ინფრასტრუქტურით ყველა ისარგებლებს და იქ შესვლა არავის შეეზღუდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები