
მესამე ტალღა: აზერბაიჯანში კოვიდ-ინფიცირების 2146 ახალი შემთხვევაა
30/03/2021 15:41:43 კავკასია
აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ით ინფიცირების 2146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პორტალ Worldmeters.info-ს მონაცემებით, ეს გასული წლის 23 დეკემბრიდან მაქსიმალური მაჩვენებელია.
ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის ცნობით, დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსული ინფექციისგან 838 ადამიანი განიკურნა და 25 გარდაიცვალა.
მთლიანობაში, სადღეისოდ აზერბაიჯანში კოვიდ-ინფიცირების 259 476 შემთხვევაა აღრიცხული, განიკურნა 237 338 ადამიანი, გარდაიცვალა 3538. ამ დროისთვის კლინიკებში 18 600 ინფიცირებული მკურნალობს.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვაქცინაცია 28 926-მა მოქალაქემ ჩაიტარა, ჯამში კი ვაქცინირებულთა რაოდენობამ 536 871-ს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება ბოლო დღეებში სომხეთშიც, გარკვეული ზრდაა საქართველოშიც.