„იყო შემოთავაზება მელიასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა, იყოს გამოსავალი“ – რომელ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ მხარეები
30/03/2021 21:04:14 პოლიტიკა
როგორც ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, სახელისუფლებო გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპული საბჭოს წარმომადგელის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებზე ხუთი პუნქტის ირგვლივ მსჯელობდნენ, რომელიც მათ კრისტიან დანიელსონმა შესთავაზა.
როგორც დანიელსონმა აღნიშნა, რიგ საკითხებზე პროგრესი იყო, თუმცა ჯამში შეთანხმება ვერ შედგა.
პარტია „მოქალაქეების“ წევრის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, შეთანხმება ვერ სედგა ორ საკითხზე:
„ხუთი საკითხი, რაზეც ვმსჯელობდით, სამზე შევთანხმდით: საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულება და კომიტეტების თავმჯდომარეების განაწილება, მაგრამ ორ საკითხზე – პოლიტპატიმრებთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით იყო აზრთა სხვადასხვაობა“,– განაცხადა შეხვედრის შემდეგ ელისაშვილმა.
„ლელოს“ დამფუძნებლის ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, მოლაპარაკება ვერ დასრულდა პოლიტპატიმრების საკითხზე გიორგი რურუას ნაწილში და სამუშაოა რიგგარეშე არჩევნებთან მისვლის მექანიზმთან დაკავშირებით.
„სამ საკითხზე შევთანხმდით – საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა, ხელისუფლების განაწილება. რაც შეეხება პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხს, იყო შემოთავაზება მელიასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა, იყოს გამოსავალი, არ იყოს კარგი შემოთავაზება რურუასთან დაკავშირებით, ამიტომ ამ ნაწილში შეთანხმება ვერ დავასრულეთ. სამუშაოა რიგგარეშე არჩევნებთან მისვლის მექანიზმთან დაკავშირებით“,– განაცხადა ჯაფარიძემ.
ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ ხელისუფლება არ იყო მზად არც ერთ პუნქტზე დათანხმებისთვის.
ჯაფარიძის თქმით, წინა შეხვედრაზე მედიატორმა ვადამდელი არჩევნების მექანიზმი წამოადგინა, თუმცა საკითხი „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნა „ტორპედირებული“ და სწორედ ამის გამო გახდა იძულებული მედიატორი, შესაბამისი გრაფა დოკუმენტში ცარიელი დაეტოვებინა.
როგორც ჯაფარიძე ამბობს, ოპოზიცია მედიატორთან აგრძელებს მუშაობას, რათა საკითხი მოგვარდეს.
მისივე თქმით, შარლ მიშელის მედიაცია გრძელდება.
ენმ–ის წევრ აკაკი მინაშვილის განცხადებით კი „ქართული ოცნება“ მათ შორის, არ დაეთანხმა გენპროკურორის არჩევის წესსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკითხს.
„გირჩის“ წევრ ვახო მეგრელიშვილის თქმით კი ხელისუფლება დოკუმენტს ხელს აწერდა:
„ჩემი აზრით, ცოტა მეტი დაძაბულობა, ცოტა მეტი მუშაობა და ეს დოკუმენტი შეიძლებოდა, გამხდარიყო ძალიან კარგი „რესტარტის“ საშუალება. ანუ ძალიან უცნაურია, რომ ასე დამთავრდა ეს მდგომარეობა, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენი შიდა საქმეა, თითოეულ ამ პუნქტზე, რა არის სწორი და რა არასწორი, ხვალიდან ვილაპარაკოთ.
ხელისუფლება სხვათა შორის, იძახდა ერთმნიშვნელოვნად, რაც არ უნდა იყოს, მე ამ დოკუმენტს ხელს ვაწერო. მცირე შენიშვნები შეიძლება მაქვს, მაგრამ მე ამ დოკუმენტს ხელს ვაწერო“,– განაცხადა მეგრელიშვილმა.


