
“აფხაზეთი საქართველოა”: ვინ და რა მიზნით ათამაშებს ქართულ კარტს აფხაზურ პოლიტიკაში
31/03/2021 07:53:04 კონფლიქტები, სამართალი
ორიოდ დღის წინ სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში აღშფოთების ტალღა გამოიწვია დე ფაქტო შსს-ს მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეომ, რომელიც აფხაზი მოზარდის მიერ ფრაზის “აფხაზეთი საქართველოა” წარმოთქმას ეხებოდა.
ვიდეოს ერთვის შემდეგი აუდიოტექსტი: «აფხაზეთის რესპუბლიკის შსს ატარებს წინასაგამოძიებო შემოწმებას 27 მარტს Instagram-ში გამოქვეყნებულ ვიდეორგოლთან დაკავშირებით, რომელშიც ახალგაზრდა ქალი ამბობს ფრაზას “აფხაზეთი საქართველოა”. სხვა სოცქსელების მომხმარებლებს შორის კი გავრცელდა მილიციის სპეცფორმიანი ახალგაზრდების ფოტოები, რომელთაც იგივე ფრაზა ჰქონდა თანდართული. ამ დროისთვის დადგენილია აღნიშნული ინციდენტების ყველა მონაწილე. გოგონებმა, გამოიყენეს რა მათი ნაცნობის – მილიციის ყოფილი თანამშრომლის სპეცფორმა, სხვადასხვა პერიოდებში პირადი ფოტოები გადაიღეს და განათავსეს საჯარო სივრცეში… სამართალდამცველმა უწყებამ ამასთან დაკავშირებით აღშფოთებული მოქალაქეების უამრავი საჩივარი მიიღო. შს ორგანოებში დავიბარეთ ინციდენტის ფიგურანტთა მშობლებიც”.
შემდეგ ვიდეოში გოგონას მამასთან საუბრის ამსახველი მონაკვეთი მოდის:
– იცით სიტუაცია თქვენს ქალიშვილთან დაკავშირებით? რა კომენტარს გააკეთებთ? რისი თქმა შეგიძლიათ?
– ეს არასწორია… მთელი ომი გამოვიარე, 17 წლიდან, ლათაც, გალის რაიონიც - ყველაფერი.
– როგორ მისცა თქვენმა ქალიშვილმა თავს მსგავსის უფლება?
– არ მეგონა, არც ვიცოდი, რომ მსგავსი რამის ჩადენა შეეძლო.
ვიდეორგოლის ფიგურანტმა, 2001 წელს დაბადებულმა ალიონა ტანიამ სამართალდამცველებს პირველადი ახსნა-განმარტება უკვე მისცა.
“მე ვარ ალიონა ტანია. მე გამოვაქვეყნე ვიდეო იმის შესახებ, რომ “აფხაზეთი – ეს საქართველოა”. მთხოვეს. ყველას პატიებას ვთხოვ და ვწუხვარ” – ამბობს ვიდეოჩანაწერში მოზარდი.
“თუმცა წუხილით ისტორია არ დასრულებულა. ყველა ფიგურანტის მიმართ წინასაგამოძიებო შემოწმება ტარდება» - აცხადებენ დე ფაქტო შსს-ში.
უწყების პრეს-სამსახურის ამ პუბლიკაციის ფეისბუქ-განხილვის მსვლელობისას ერთ-ერთმა კომენტატორმა დააზუსტა, რომ რეალურად, ვიდეო სოცქსელ TikTok-ში გამოქვეყნდა და არა Instagram-ზე. ზოგიერთმა კომენტატორებმა გოგონას საუბარში “ქართული აქცენტი” შენიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მშობელი აფხაზი ჰყავს და ოჯახი სოხუმში ცხოვრობს, თუმცა ტყვარჩელის რაიონშია ჩაწერილი.
აფხაზი საზოგადო-პოლიტიკური მოღვაწე ნუგზარ აგრბა «Эхо Кавказа»-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ აღშფოთების ტალღა ჯერ კიდევ “შსს”-ს ვიდეოს პუბლიკაციამდე დაიწყო: «ძალიან ბევრმა მომწერა: «ეს რა არის, უშიშროება საით იხედება, მილიცია რითაა დაკავებულიო?!». 500 კომენტარი მაინც იქნებოდა. ხალხი ამან ძალიან შეურაცხყო. გოგონას, რომლის მამა ომის მონაწილეა, მსგავსი რამ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ეთქვა. ამან ჩემზეც ძალიან მტკივნეულად იმოქმედა და სხვა ვეტერანებზეც. უჭკუო 19 წლის გოგო… აქაოდა, ვიღაცამ მთხოვაო… ვფიქრობ, ეს საზოგადოებრივი აღზრდის უკმარისობის ბრალია».
რაც შეეხება აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებლების შეფასებებს, რამდენიმე ყველაზე ტიპური ასე ჟღერდა:
- «ყველა უნდა დაისაჯოს! ჩვენი ქვეყანა სათამაშო არაა!»;
- «მოზარდმა ყურადღების მიქცევა გადაწყვიტა»;
- «უნდა ჩაკეტონ და ძალით აკითხონ ის სიმხეცე, რომელსაც ქართველები აფხაზების მიმართ სჩადიოდნენ, მერე კი აიძულონ, რამდენჯერმე თავად მოყვეს, სანამ კარგად არ შეიგნებს ყველაფერს...»
- ;«ზოგიერთები წერენ: მამა გვეცოდებაო. სულაც არ მეცოდება! რაკი ომის მონაწილეა, პატარაობიდან უნდა ეამბო შვილებისთვის, როგორ იბრძოდა და ვისთან! ეხლა რომ ზის და ამბობს, “არ ვიცოდი და არ მეგონაო”,რა ხეირი?!»;
- «ფულის გამო ბავშვები კი არა, ზრდასრულებიც სვამენ ბოლო დროს ქართველების სადღეგრძელოს და მოზარდისგან რა გვიკვირს? მისცეს ალბათ, 1000 რუბლი და თქვა!»;
- «20 წლისაა და “ბავშვიო”?! 1000 რუბლის სანაცვლოდ თქვა? და ხვალ რას ველოდოთ მისნაირებისგან 2000 რუბლად?».
თუმცა კომენტატორთა ნაწილი მოზარდის მიმართ მოწყალებისკენაც მოუწოდებდა:
- «მეცოდება ოჯახი, ნუ ვწყევლით ბავშვს, ნუ ვიქნებით მეტისმეტად აგრესიულები, იმის ნაცვლად, რომ ნორმალურად ავუხსნათ ყველაფერი...»;
- «ვიპოვეთ დაბალი ღობე?!».
სოცქსელების ქართულ სეგმენტში არანაკლები მღელვარება სუფევდა:
- «რა ბარბაროსობაა?! იციან საერთოდ ამ ადამიანებმა, რა არის სიტყვის თავისუფლება?»;
- «ასე ბევრი ფიქრობს და თვლის. როდემდე უნდა კრძალოთ? დიახ, აფხაზეთი საქართველოა, ისევე, როგორც ყარაბაღი - აზერბაიჯანი!»;
- «როგორ არ გრცხვენიათ? ეხლა რომ ვთქვა, რომ საქართველო ინგლისია, მაგალითად, მეც დამაკავებენ და მაიძულებენ, ბოდიში მოვიხადო? სირცხვილია, მეგობრებო!».
ამ კომენტარებს აფხაზების მხრიდან პასუხი მოჰყვა:
«არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ენგურს გაღმიდან “სიტყვის თავისუფლებაზე” დაიწყებოდა აპელირება… რომელიღაც ქართველმა კომენტატორმა დაწერა: «ეხლა რომ ვთქვა, რომ საქართველო ინგლისია, მაგალითად, მეც დამაკავებენ და მაიძულებენ, ბოდიში მოვიხადოო?”. მაინტერესებს: რატომ არ გააკეთა ლოგიკური შედარება «საქართველო რუსეთია»-სთან? იმიტომ ხომ არა, რომ მიხვდა: საქართველოში რომ ეთქვა “საქართველო რუსეთია», თავს წააცლიდნენ თანამემამულეები?».
“Эхо Кавказа” მოზარდის ადვოკატს – ინგა გაბელაიასაც გაესაუბრა, რომელიც მორალური თვალსაზრისით ალიონა ტანიას საქციელს ძრახავს, თუმცა მის ქმედებაში კანონსაწინააღმდეგოს ვერაფერს პოულობს:
“კანონის თვალსაზრისით, გოგონას ნამოქმედარში დასჯადს ვერაფერს ვხედავ. აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს “სახელმწიფო ხელისუფლების საწინააღმდეგო დანაშაულების” მთელი თავი, თუმცა ჩემი ხედვით, ალიონას ქმედება არც ერთ ამ მუხლს არ მიესადაგება, მათ შორის – არც “სახელმწიფო ღალატს”, რომელიც სუვერენიტეტის საკითხებს მოიცავს. პრინციპში, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ფრაზაში «აფხაზეთი – ეს საქართველოა» თითქოს ისმის აფხაზეთის სუვერენიტეტის საკითხი, თუმცა ჩემი აზრით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები მასში არ არის. დიახ, სამართალდამცველ ორგანოებს აუცილებლად უნდა მოეხდინათ რეაგირება, რათა სამომავლოდ მსგავსი ქმედება აღარავინ გაიმეოროს. დიახ, უდავოდ უნდა ყოფილიყო საზოგადოების ნეგატიური რეაქციაც, მაგრამ ლინჩის წესით გასამართლებისკენ მოწოდებები, რომელსაც სადღეისოდ სოცქსელებში ვკითხულობთ, სრულიად მიუღებელია. გარდა ამისა, ჩემი აზრით, ეს უფრო უშიშროების კომპეტენციაა, ვიდრე შსს-სი”.
როგორც გაბელაია განმარტავს, დე ფაქტო შსს-ს მიერ ხსენებული წინასაგამოძიებო შემოწმება ნიშნავს, რომ მიღებულია გარკვეული შეტყობინება დანაშაულის თაობაზე. “რა დანაშაულის ჩადენას ედავებიან ამ გოგონას – ჩემთვის უცნობია. ამ ნაწილში შსს-მ ალბათ, განმარტება უნდა გააკეთოს და აგვიხსნას, სისხლის სამართლის დანაშაულის რა ნიშნებს ხედავს მოზარდის ქმედებაში. ჩემი ხზედვით, ასეთი არ არსებობს” – ამბობს ადვოკატი.
რაც შეეხება სიტყვის თავისუფლებას, მისი თქმით, აფხაზურ კანონმდებლობაში არსებობს მისი შემზღუდავი მხოლოდ ორი მუხლი – “ცილისწამების” და “შეურაცხყოფის”.
“თუ მართლაც წარმოებს წინასაგამოძიებო შემოწმება, ვფიქრობ, გამოიტანენ დადგენილებას სისხლის სამართლის საქმის აღძრვაზე უარის თქმის შესახებ დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო, თუ,რა თქმა უნდა, სამართალდამცველი ორგანოები ასეთებს ვერ იპოვიან” – დასძენს ადვოკატი.
ჩემი მხრიდან მსურს, მომხდარს ორი სიტყვით გამოვეხმაურო (და მკითხველს აფხაზურ ციხეში მყოფი ირაკლი ბებუას ამასწინანდელ შემთხვევას შევახსენებ: აფხაზებისთვის საზეიმო დღეს მან მათი დროშა დაწვა, ჩვენების მიცემისას კი განაცხადა, რომ ცუდი არაფერი სნდომებია და ეს ორი ხალხის მეგობრობისა და ძმობის ხაზგასასმელად გააკეთა). რაღა თქმა უნდა, აფხაზეთი საქართველოა და ის, რომ ეს ფრაზა სოხუმში ისმის, ალბათ, უნდა გვახარებდეს, თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: არ ვიცი, რა მიზნითა და მოტივით მოქმედებდა აფხაზი გოგონა, ვინ ან რამ უბიძგა მას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ, ვინ სთხოვა, ეთქვა, რომ აფხაზეთი საქართველოა და ეს ჩანაწერად გაევრცელებინა, გადაუხადა თუ არა მას მართლაც ვინმემ ფული, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მსგავს ქმედებებს მხოლოდ უარყოფითი შედეგი აქვს: მათი ჩამდენები თავადაც სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან და თბილისსაც ფაქტობრივად უნულებენ შერიგებისკენ მიმართულ ყოველგვარ ძალისხმევას, იწვევენ რა აფხაზური საზოგადოების მყისიერ გაღიზიანებას და იქცევიან რა აფხაზეთში ქართველების მიმართ აგრესიული განწყობის ახალი ტალღის საბაბად.
ამავე მიზეზით მინდა, მეტი დაფიქრებისკენ მოვუწოდო ქართველ "კლავიატურის ლომებს", რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში აფხაზი ინტერნეტ-მომხმარებლების მიმართ აგრესიული და ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი კომენტარებით "იბრძვიან", მათი ჭკუით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, რეალურად კი მხოლოდ ვნებენ საქმეს.
თუ ვინმე საქმის კურში არაა, მინდა, ვაცნობო, რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო თითქმის ერთი წლის განმავლობაში: რუსეთი ოკუპაციიდან ანექსიის მცდელობებზეა გადასული, ამას უკვე აფხაზური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც აცნობიერებს, რის გამოც მანამდე არსებული ანტირუსული განწყობები კიდევ უფრო მომძლავრდა. ეს ერთ-ერთია იმ მიზეზთა შორის, რომელთა გამოც ბოლო პერიოდში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაც და იქაური საზოგადოების უკვე საგრძნობი ნაწილიც საჯაროდ აფიქსირებენ დაინტერესებას სადავო პოლიტიკური საკითხების გვერდის ავლით თბილისთან დიალოგისა და სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტების დაწყების მიმართ, მათი აფხაზი ოპონენტები კი რუსი "ბოსების" ბრძანებით ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა ეს წამოწყება ძირშივე ჩაკლან. ისინი ცდილობენ, დაარწმუნონ მოსახლეობა, რომ თბილისთან ყოველგვარი კონტაქტები "ძირს გამოუთხრის აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას", რომ ქართული მხარის ნებისმიერი წინადადება, მათ შორის ცნობილი ინიციატივა "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" არის "სატყუარა", რომ თბილისთან სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები გადაიზრდება "ეკონომიკურ ექსპანსიაში, რომლითაც საქართველო საბოლოოდ თავისი პოლიტიკური მიზნების მიღწევას შეეცდება".
ეხლა წარმოვიდგინოთ, ვის აძლევს ამ ვითარებაში ხელს ქართველი ინტერნეტ-კომენტატორების აგრესიული და შეურაცხმყოფელი კომენტარები: მათ, ვინც თბილისთან დიალოგისა და თანამშრომლობის მომხრეა, თუ რუსეთსა და მის მიერ დაფინანსებულ პოლიტიკურ ძალებს სოხუმში, რომლებიც საკუთარი წმინდა მერკანტილური შიდაპოლიტიკური მიზნებით აფხაზურ პოლიტიკაში ქართულ კარტს ათამაშებენ და დღედაღამ ჩასძახიან აფხაზებს, "არ ენდოთ ქართველებს, აფხაზების მიმართ მტრული განწყობა მათ სულაც არ შესცვლიათ - გადახედეთ ინტერნეტ-სივრცეში მათ პოსტებსა და კომენტარებს - და თავად დარწმუნდებითო"?
დაფიქრდით ამაზე, ქართველო "კლავიატურის ლომებო", თუ გსურთ, საბოლოოდ არ ჩაძიროთ ის დადებითი ტენდენციები, რომელიც ბოლო დროს აფხაზეთში შეინიშნება, - სხვა შემთხვევაში საქართველოს მხოლოდ ავნებთ!
დასასრულს ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ინტერნეტ-მომხმარებლების მსგავს ქცევას მხოლოდ მათ ვერ დავაბრალებ - ამაში ალბათ, სახელმწიფოცაა დამნაშავე: დიახ, სიტყვის თავისუფლება საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, რომელსაც ჩრდილი არავინ და არაფერმა უნდა მიაყენოს, თუმცა ფაქტია, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არ სჯერა სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტიანობის მაშინ, როცა საქართველოს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიანი კურსი აქვს დეკლარირებული; საქართველოს მოქალაქეთა დიდ ნაწილს არ ესმის შერიგებაზე მიმართული პოლიტიკის არსი. როგორც ჩანს, პროფილური სახელმწიფო უწყებები გაცილებით მეტ დროსა და ყურადღებას უნდა უთმობდნენ ამ მხრივ ჩვენს მოქალაქეებთან ახსნა-განმარტებით მუშაობას. აფხაზებს ვერასოდეს დავაჯერებთ, რომ მართლაც მშვიდობა გვსურს, თუ ჯერ თავად ვერ გავაცნობიერებთ ყველა, როგორც ერთი, რომ სამშვიდობო კურსს ალტერნატივა არ აქვს და ყველა, როგორც ერთი, არ დავიწყებთ მოქმედებას განუხრელად ამ კურსის შესაბამისად.