პროკურატურის თქმით, მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება
31/03/2021 12:59:56 სამართალი
პროკურატურის თქმით, გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება. როგორც უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, საქართველოს პროკურატურამ გააუქმა დადგენილება, რომლის მიხედვითაც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს საქმის მასალების გაცნობა და ასლების გადაცემა შეეზღუდა.
"ზემდგომმა პროკურორმა გააუქმა დადგენილება, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს დამატებითი მასალების გაცნობა შეეზღუდა, მათი შესაძლო გასაჯაროების, მოწმეებზე ზემოქმედების, მათი დაშინების, ნივთმტკიცებების განადგურების, ყალბი მტკიცებულებების შექმნის და შესაბამისად, საგამოძიებო პროცესის ხელშეშლის გამოწვევის მიზნით. გარდაცვლილის ოჯახი გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე შეუფერხებლად გაეცნობა საქმის მასალებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება", - აცხადებენ პროკურატურაში.
ამ დროისთვის მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალების გარკვეულ ნაწილზე წვდომა შეზღუდული ჰქონდა.


