შსს–ს თქმით, ვლადიმერ პოზნერს კანონი ოკუპაციის შესახებ არ დაურღვევია
31/03/2021 19:13:40 სამართალი, საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუს ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერს კანონი ოკუპაციის შესახებ არ დაურღვევია.
მისივე ცნობით, პოზნერი აშშ-ის მოქალაქეა და საქართველოში აქამდეც არაერთხელ იმყოფებოდა.
„აღნიშნულ პირს, რომელიც არის აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ, იგი არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოში. რაც შეეხება მათ ქვეყანაში შემოსვლას, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ნაწილს ჰქონდა კოვიდ პასპორტი, ხოლო ნაწილს „პისიარ“ ტესტის ცნობა“,- აცხადებენ შსს–ში.
ცნობისთვის: რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. სასტუმრო "ვინოტელთან", სადაც იგი ახლა მეგობრებთან ერთად იმყოფება, სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს. "ვინოტელთან" შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ "ოკუპანტ ღორებს" არ მისცემენ მშვიდად დროსტარების საშუალებას. ამასთან, აქტივისტები პოლიციას მოუწოდებენ, რომ "აღკვეთონ დანაშაული - კერძოდ, 50 კაცის მიერ "კომენდანტის საათის" დარღვევა".


