სისხლიანი გარჩევა თურქეთში: ქართველებისა და ჩეჩნების დაპირისპირების დეტალები ხდება ცნობილი
01/04/2021 14:00:19 სამართალი
თურქეთში მომხდარ სისხლიან დაპირისპირების დეტალები ხდება ცნობილი. მედია წერს, რომ ბაშაქშეჰირის რაიონში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის შესასვლელში მდგომ პირებს ავტომანქანიდან გაუხსნეს ცეცხლი, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალნენ. ავტომანქანა უცხოური სანომრე ნიშნებით იყო.
ინციდენტი სათავლთვალო კამერებმა დააფიქსირეს.
როგორც რაიონის გუბერნატორი ამბობს, მომხდართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
გამოძიების წინასწარი ვერსიით, შეიარაღებული დაპირისპირება უკავშირდება ორი გადამტერებული დაჯგუფების კონფლიქტს, რომლის მიზეზი ფულია, თავად დაჯგუფებების წევრები კი - ჩეჩნეთისა და საქართველოს მკვიდრნი.
რაც შეეხება დაღუპულებსა და დაჭრილებს, თურქული მედია განსხვავებულ ინფორმაციებს ავრცელებს: „ჰიურიეთის“ ცნობით, მოკლულია 2 და დაჭრილია 2 ადამიანი.
სხვა თურქული მედიასაშუალებები წერენ, რომ სროლის შედეგად ადგილზე დაიღუპა რუსეთის ორი მოქალაქე (წარმომავლობით ჩეჩნები), ხოლო საქართველოს დაჭრილი მოქალაქე მოგვიანებით - საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა. ამასთან, დაიჭრა სირიის მოქალაქე, რომელიც ქართველების დაჯგუფების წევრი იყო.
"კავკაზ.რეალიის" მონაცემებით" კი, ადგილზე გარდაიცვალა ჩეჩენი აბდულ-მალიქი, რომელმაც მანამდე "კანონიერ ქურდს" სილა გააწნა.
მეორე ჩეჩენი - ჰაირულლა მძიმედაა დაჭრილი.
გამოცემა ასევე ფლობს ინფორმაციას ინციდენტის დროს დაჭრილი საქართველოს მოქალაქის საავადმყოფოში გარდაცვალების თაობაზე.
მისივე ინფორმაციით, ბრმა ტყვიით დაიჭრა რესტორნის მეპატრონეც.
აზერბაიჯანული მედია კი წერს, რომ შეიარაღებულ ინციდენტში აზერბაიჯანის მოქალაქეებიც იყვნენ ჩართულები. მეტიც, მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი დაღუპული აზერბაიჯანელი სპორტსმენია
და ის კრიმინალურ სამყაროში მეტსახელით "ბაბა ნახჭევანელი" იყო ცნობილი.
ერთ-ერთ დაზარალებულს კი - ასევე აზერბაიჯანის მოქალაქეს, კრიმინალურ სამყაროში იცნობენ მეტსახელით "სუმგაითელ ფუადა".
არაოფიციალური ინფორმაციით, ადგილობრივი პოლიცია აგრძელებს საქართველოს ორი მოქალაქის ძებნას, რომლებიც, მისი მონაცემებით, ინციდენტში მონაწილეობდნენ.


