კობახიძე ხოშტარას რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტს და „ეფესბეს“ აგენტს უწოდებს
01/04/2021 17:14:40 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ვიზიტს ამჯერად სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"გუშინ და დღეს "ნაციონალები" ამტკიცებდნენ, რომ ქართული წესი - „დღეს სტუმარია ეგ ჩემი“ ვრცელდება მხოლოდ მოყვარეზე და არა მტერზე.
შეგახსენებთ, რომ ვაჟას ეს ანდერძი გრძელდება სიტყვებით - „თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა“. ანუ წესის ობიექტი სწორედ რომ მტერია, თორემ მოყვარეს კაცი რომ მოყვრულად ხვდება, ამას გულზე მჯიღის ცემა საერთოდ არ სჭირდება. აქ პრობლემა უფრო მეტად მენტალიტეტშია, ვიდრე არცოდნაში.
ნაციონალი ვერ იტანს ვაჟას, ისევე როგორც ყველაფერ წმინდას, რაც ჩვენს ტრადიციებსა და ღირსებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ადამიანი, რომელსაც ვაჟა წაკითხული და გაგებული აქვს, ნაციონალი ვერასდროს გახდება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ნაციონალი, თავისი არსით, არის ანტივაჟა.
ამ დასკვნას ამყარებს ელენე ხოშტარიას კიდევ ერთი გუშინდელი გამონათქვამი - ინფორმაცია პოზნერის გეგმების შესახებ მისი მასპინძლისგან მქონდაო. ეს მართლა რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი და უმაღლესი ალბათობით, ეფესბეს აგენტი ყველას გასაგონად ამბობს, რომ ქართველი სტუმრის დამბეზღებელია, ანუ ქართველს აბრალებს იმას, რაც არის თავად, ნაციონალი - ანტივაჟა. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ხელში უჭირავთ რუსული ასანთი და ქვეყანას მუდმივად პრობლემებით ემუქრებიან. მათი გუშინდელი ფსევდოპატრიოტული ფსევდოპროტესტიც ამის კიდევ ერთი ნათელი დასტური იყო", - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი 40-მდე სტუმართან ერთად თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად გუშინ ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს. პოზნერი და მისი მეგობრები ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა მწვავე პროტესტი გამო მათ ქვეყანა დღეს დილით დატოვეს.
იხილეთ ასევე: ხოშტარია განმარტავს, საიდან ჰქონდა პოზნერის თბილისში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია


