როგორ აღიქვამენ ევროპარლამენტარების განცხადებას "ოცნებასა" და ოპოზიციაში

02-04-2021 14:25:31 პოლიტიკა

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარების განცხადებას საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შესაძლო შეჩერების თაობაზე "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციაში ეხმიანებაინ.

"როგორც ჩანს, ან შეცდომა გაეპარათ ან მიკერძოებული არიან", - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა ევროპარლამენატრების გუშინდელ განცხადებას.

"მანდ არის ერთი უზუსტობა გაპარული – "ქართული ოცნება" მზად იყო, ხელი მოეწერა. თუმცა არ იყო ფორმატი, სადაც ერთს უნდა მოეწერა მარტო ხელი. ან ყველა აწერდა, ან არავინ. ეს სიმართლეც გახდება მალე ყველასთვის ცნობილი. ამასთან, დაფიქსირდა მეორე უზუსტობა – დენიესლონის დოკუმენტში არ იყო საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე. როდესაც უთითებენ, რომ დანიელსონის ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ხელი არ მოეწერაო და რიგგარეშე არჩევნებზე ვლაპარაკობთო, უკვე ჩანს ჩემთვის მიკერძოებულობა. როგორც ჩანს, ამ კუთხით ან შეცდომა გაეპარათ ან მიკერძოებული არიან",-განაცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტარების განცხადებაში დახარების შეწყვეტაზეა საუბარი.

"ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს არ მოხდება", – დასძინა კუჭავამ.

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ "ეს რამდენიმე დეპუტატის მოსაზრება არის".

"დახმარების შეჩერებაზე აქ არცაა საუბარი, რამდენიმე დეპუტატის განცხადებაა ეს... ამ საკითხებს წყვეტს ევროკომისია, რომელმაც საუკეთესო შეფასებები გააკეთა საქართველოს მიმართ... ყურადსაღებია, რადგან ეს დეპუტატები ზოგადად დაინტერესებულები არიან საქართველოთი. გამორიცხულია, რომ რაიმე შეზღუდვას ჰქონდეს ადგილი, ესაა რამდენიმე დეპუტატის მოსაზრება", – აცხადებს პაპუაშვილი.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკისთვის "შვიდი ევროპარლამენტარის პოზიცია გაუგებარია":

"ძალიან ცუდი შედეგია, რომ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. ჩვენ მზად ვიყავით, ყველა პუნქტზე რაღაც მცირე დაზუსტებებით ხელი მოგვეწერა. გაუგებარია შვიდი ევროპარლამენტარის პოზიცია, რადგან იმის ნაცვლად, რომ იმ თემებზე საუბრობდნენ, ეს ყველაფერი საიდან მოდის, რატომ ვერ შეთანხმდა, რა იყო ევროკავშირის პოზიცია და არაევროპარლამენტის, იმუქრებიან, რომ სანქციები დაუწესდება საქართველოს, თუ ევროკავშირს შვიდი დეპუტატი მიმართავს, შემდეგ ამას ევროკავშირი განიხილავს და სანქციებს დაუწესებს ქვეყანას. ცნობისთვის, იქ რამდენიმე ასეული ევროპარლამენტარია. რასაკვირველია, ამაზე რაღაც სკანდალური შეკითხვები შეიძლება დასვა და მოიფიქრო, მაგრამ ყველაზე ცუდი და გულდასაწყვეტი ის ტაშ-ფანდურია, რაც ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფში ატყდა, რომელიც ისევ ფანჩატურში იკრიბება – რა კარგია, რომ ეს მოხდება, მაშინ როცა მათი დანაშაულია ყველაფერი, რომ აქამდე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ეს არის რეალური სურათი და არა ის, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, რაღაც სანქციები დაუწესოს ქვეყანას. არ მგონია, რომ შვიდი პარლამენტარის განცხადებამ რაიმე იმოქმედოს იმ სტრატეგიულ მიმართულებაზე, რაც არა მხოლოდ საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის“.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე კი აცხადებს, რომ "პირველად საქართველოს ისტორიაში, რეალური საფრთხე დაემუქრა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს მას შემდეგ, რაც საქართველომ დეკლარირებულად აირჩია დასავლეთი"

"აქ არის ერთი ძალიან საფრთხილო და მნიშვნელოვანო ფრაზა ჩადებული, როდესაც წერია, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობა სასწორზეა დადებული, ამიტომ ჩემთვის და ყველა მოქალაქისთვის ამას განსაკუთრებული დატვირთვა უნდა ჰქონდეს. სრული პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, არის ხელისუფლებაზე", - აცხადებს დეკანოიძე.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარების განცხადება ძალიან მნიშვნელოვან გაფრთხილებად უნდა მივიღოთ:

"ეს განცხადება უნდა მივიღოთ როგორც არა რიგითი განცხადება, არამედ ეს განცხადება უნდა მივიღოთ ძალიან მნიშვნელოვან, სერიოზულ გაფრთხილებად ჩვენი მომავალი საგარეო პოლიტიკის კურსის შესახებ".

“ევროპული საქართველოს” წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, ევროპარლამენტართა განცხადება ცხადყოფს, რომ “ქართულ ოცნებაზე” წნეხი გაიზრდება.

მისი თქმით, განცხადებაში ნათლადაა ნათქვამი, რომ უმეტესი პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება და აუცილებელია პრეზიდენტ მიშელის მიერ წაროდგენილი 6-პუნქტიანი ჩარჩოს ორ საკითხზე შეთანხმება, მათ შორის, ვადამდელ არჩევნებსა და მელიასა და რურუას გათავისუფლებაზე.

“ევროპარლამენტარების ეს განცხადება ადასტურებს, რომ წნეხი “ქართულ ოცნებაზე” მხოლოდ გაიზრდება როგორც ქვეყნის გარედან, ასევე ქვეყნის შიგნით”, – აცხადებს კანდელაკი.

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ ამ მდგომარეობამდე ქვეყანა “ქართული ოცნების” ხისტმა და ქვეყნისთვის დამაზიანებელმა ქმედებებმა მიიყვანა.

“სამწუხაროდ, აქ საუბარია როგორც ფინანსური დახმარების გადახედვაზე, ასევე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირ წერია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების მომავალ იდგება კითხვის ნიშნის ქვეშ. სამწუხაროდ, ჩვენ მივედით აქამდე “ქართული ოცნების” ბრიყვული, ხისტი, ქვეყნისთვის დამაზიანებელი ქმედებების შედეგად. ახლა მთავარია, ყველა პარტია ჩავიდეთ ჩვენს ამომრჩევლებთან, მოვახდინოთ ხალხთან მეტი ინფორმაციის მიტანა და ამით გავაძლიეროთ წნეხი "ქართულ ოცნებაზე” – ამბობს სერგო ჩიხლაძე.

ცნობისთვის: ევროპარლამენტარების განცხადების გავრცელების შემდეგ ცოტა ხნის წინ პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ "ეს გზავნილები სერიოზულად უნდა იყოს აღქმული":

"ევროპელი პარლამენტარების სახელით მე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ეს არის ნათელი გზავნილი. ისინი, ვინც ხელს აწერერენ ამ განცხადებას, არიან წამყვანი პარლამენტარები, რომელთაც აქვთ განსხვავებული როლი საქართველოსთან ურთიერთობაში, ამიტომ ეს გზავნილები სერიოზულად უნდა იყოს აღქმული".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები