
თეა ახვლედიანი – ზაზა გახელაძეზე : "ჩვენ ვითხოვთ უკანონო პატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას"
02/04/2021 10:52:14 კონფლიქტები
"ჩვენ ვითხოვთ უკანონო პატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია პატიმრების გაცვლაზე საუბარი, როგორც ამას მისი ოჯახის წევრები აღნიშნავენ, მინისტრი აცხადებს, რომ ასეთ თემებზე საოკუპაციო რეჟიმთან არ საუბრობენ:
"პირველ რიგში მე არ ვფლობ ამაზე ინფორმაციას, მეორე - საოკუპაციო რეჟიმთან ჩვენ მსგავს თემებზე არ ვსაუბრობთ და ჩვენ ვითხოვთ ჩვენი უკანონო პატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას".
მისივე თქმით, ზაზა გახელაძისა და უკანონო პატიმრობაში მყოფი სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს:
"იცით, რომ დღეისათვის უკანონო პატიმრობაში ზაზა გახელაძესთან ერთად იმყოფება ჩვენი რამდენიმე მოქალაქეც, რომელთა დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების მიზნით, ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა ჩვენს ხელთ არსებული ადგილობრივი თუ საერთაშორისი ინსტრუმენტის გამოყენებით, მათ შორის ზაზა გახელაძის გათავისუფლების თემა იყო უმთავრესი მარტის ბოლოს გამართული ინციდენტებისა პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფარგლებში. საკითხი ამ უკანონო დაკავებების არის ნამდვილად რთული და განვაგრძობთ მაქსიმალურ ძალისხმევას,"- განაცხადა ახვლედიანმა.
ცნობისთვის: ზაზა გახელაძის დედა, რომელმაც ოკუპანტების ტყვეობაში მყოფილი შვილი გუშინ მოინახულა, ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხა, რატომ არ გაცვალეს გახელაძე ქართული მხარის მიერ დაკავებულ ორ რუს მესაზღვრეში, თუმცა თალაკვაძისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.
"იმედი გასჩენია, ის რუსები, რომ დაიჭირეს, უკვე თავი სახლში მეგონაო. მეგონა გამიშვებდნენ და გაცვლიდნენ ჩემშიო. მაგრამ მალევე 2-3 საათში ეს იმედი მოუკვდა, როცა გაუშვეს ისინი. ეს შეკითხვა თალაკვაძე, რომ იყო მოსული მე დავუსვი მანამდე, სანამ ჩემი შვილის ამბავს გავიგებდი. რატომ არ გაცვალეს ამის შედეგს მალე დავინახავთო... ასე კონკრეტულად რას აკეთებენ ამას ჩვენ არავინ არაფერს გვეუბნება... ვმუშაობთ - ამბობენ, რაზე მუშაოებენ არავინ გვეუბნება", - აცხადებს ზაზა გახელაძის დედა ნანა ბუნტური.