Accentnews.ge
რუსეთის საელჩო იტალიაში ჯაშუშურ სკანდალში გაეხვა-რომში „გრუ“-ს რეზიდენტურა გაიშიფრა

რუსეთის საელჩო იტალიაში ჯაშუშურ სკანდალში გაეხვა-რომში „გრუ“-ს რეზიდენტურა გაიშიფრა

02/04/2021 10:48:29 ანალიზი

კარაბინიერებმა იტალიის საზღვაო ძალების ხომალდის კაპიტანი ვალტერ ბიოტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მას რუსი სამხედრო მოსამსახურისთვის კონფიდენციალური დოკუმენტების გადაცემა ედება ბრალად. უფრო მეტიც, იტალიური გამოცემა „კორიერე დელა სერა“ წერს, რომ ვალტერ ბიოტი ნატო-ს საიდუმლო ინფორმაციას 5000 ევროდ ჰყიდდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, იტალიელ სამხედროს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. კარაბინიერების განცხადებით, იტალიის მოქალაქესთან ერთად, რუსეთის საელჩოს სამხედრო დანაყოფის ოფიცერიც დაკავებულია. მას სავარაუდოდ, დიპლომატიური სტატუსიდან გამომდინარე, იტალიიდან გაძევება ელის.

რუსეთის საელჩოს თანამშრომელი, რომელთანაც ვალტერ ბიოტი თანამშრომლობდა, რუსული დაზვერვის-„გრუ“-ს ოფიცერი იყო. ამის შესახებ იტალიური გაზეთი „ლა რეპუბლიკა“, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. გაზეთის ინფორმაციით, ეს ოფიცერი დიმიტრი ოსტროუხოვია. ის იყო ერთ-ერთი რუსული სპეცსამსახურის იმ ათამდე თანამშრომლიდან, რომლებიც რომში, რუსეთის ფედერაციის საელჩოში მუშაობენ. „ლა რეპუბლიკა“, ოსტროუხოვს რომში „გრუ“-ს რეზიდენტურის ხელმძღვანელად მოიხსენიებს.

ირკვევა, რომ იტალიის უსაფრთხოების სამსახურმა, ქვეყნის მოქალაქის სავარაუდო ჯაშუშური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ მიიღო. უწყებამ მოკვლევა დაიწყო და ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, საზღვაო ძალების მოსამსახურე დანაშაულის ჩადენის მომენტში აიყვანეს. მისი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ იტალიური დოკუმენტების გარდა, დაკავებული იტალიელი, რუს სამხედროს ნატო-ს საიდუმლო დოკუმენტაციასაც აწვდიდა, რითიც როგორც იტალიის, ისე სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა. 2020 წლის დეკემბრიდან ვალტერ ბიოტმა ოსტროუხოვს მოპარული დოკუმენტების მინიმუმ სამი პარტია გადასცა. ბიოტი მათ სამსახურეობრივ კომპიუტერში ხსნიდა, სმარტფონებით ფოტოსურათებს უღებდა და მეხსიერების ბარათზე ინახავდა, რომელსაც მედიკამენტების კოლოფში მალავდა. ვალტერ ბიოტისგან ამოღებული მეხსიერების ბარათი 200-მდე სამსახურებრივი დოკუმენტის ფოტოსურათს ინახავდა, რომელთა შორის მრავლად იყო ნატო-ს დოკუმენტი გრიფით „საიდუმლო“.

იტალიის მოქალაქისა და რუსი ოფიცრის დაკავების შემდეგ, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ორი რუსი ოფიციალური პირის ქვეყნიდან გაძევება დაადასტურა. ლუიჯი დი მაიოს განცხადებით, ეს პირები უკანონო საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილები.

ბოლო თვეების განმავლობაში ევროპული ქვეყნები სულ უფრო ხშირად ამხელენ რუსი ჯაშუშების არალეგალურ საქმიანობას. მარტში ბულგარეთმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ეჭვმიტანილი 6 პირი დააკავა. გენერალური პროკურატურის პრესმდივნის, სიიკა მილევას თქმით, დაკავებულები შედიოდნენ ჯაშუშთა ჯგუფში, რომელსაც "თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი" ხელმძღვანელობდა. ჯგუფმა, სავარაუდოდ, ბულგარელი ოფიციალური პირები გადაიბირა, რომელთაც ბულგარეთის, ნატოსა და ევროპის კავშირის შესახებ, საიდუმლო ინფორმაციაზე ჰქონდათ წვდომა.

რუსეთის ელჩი, სერგეი რაზოვი, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. რუსეთის საელჩო იტალიაში მომხდარ ფაქტს ადასტურებს, მაგრამ ამ დრომდე დეტალურ განმარტებას არ აკეთებს. ფაქტია, რომ მოსკოვი საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ 1961 წლის ვენის კონვენციის დარღვევას აგრძელებს. კრემლის დესტრუქციული ქმედებები პირველ რიგში რუსეთის საერთაშორისო იმიჯს აზიანებს და ასევე, ევროპული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს ქმნის.

ლევან ესებუა

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S