აჭარაში 415 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს
04/04/2021 07:05:40 სამართალი
პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა. შსს–ს ცნობით, ამოღებულია 415 აბი „სუბოქსინი“.
"განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1975 წელს დაბადებული კ.ბ. და ამავე წელს დაბადებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე შ.მ. სამართალდამცველებმა ბათუმში, კ.ბ.-ის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 303 აბი. პოლიციამ მეორე დაკავებულის - შ.მ.-ის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის ჩხრეკისას კი „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 112 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო", – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


